საქართველოს ჰოსპიტალური სექტორი დაბალი ეფექტურობით ხასიათდება, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, საავადმყოფო საწოლების რაოდენობა 2021 წელს 1,000 ადამიანზე 5.6-ს შეადგენდა, რაც შესადარის და მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მაჩვენებელს აღემატება.
„საწოლების ჭარბი რაოდენობის გამო, მათი დატვირთულობა პანდემიის პირობებშიც დაბალ დონეზე შენარჩუნდა (55% 2021 წელს)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის კვლევაში.
სექტორის კონსოლიდაციის შედეგად, საქართველოში საწოლების დატვირთულობა 2012 წელს 63%-მდე გაიზარდა, თუმცა, საწოლფონდის ზრდის გამო, 2013 წელს 50%-მდე დაეცა.
დატვირთულობა Covid-19-მდე ამ მაჩვენებლის ფარგლებში დასტაბილურდა, შემდეგ კი, 2021 წელს 55%-მდე გაიზარდა.
თუმცა, საქართველოს საწოლფონდის დატვირთულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირისა (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს, რაც არაეფექტურობის მიმანიშნებელია.
აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოების პრივატიზება 2007 წლიდან მიზნად ისახავდა მოძველებული და ჭარბი რაოდენობის საწოლების განახლებას.
შედეგად, 2012 წელს საწოლების რაოდენობა 1,000 კაცზე 3.0-მდე შემცირდა, რის შემდეგაც სექტორი გადავიდა გაფართოების ფაზაში და 2021 წელს საწოლების რაოდენობამ 1,000 მოსახლეზე 5.6-ს მიაღწია (ჯამურად 20.6 ათასი საწოლი).
უახლესი