დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის - გურამ კაშია

სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის - გურამ კაშია

12-10-2024 18:32:00

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. 

მატჩის ერთადერთი გოლი უკრაინელებმა 35-ე წუთზე, მუდრიკის შორეული დარტყმით გაიტანეს. მიუხედავად ჩვენი გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა. 

ეროვნული გუნდი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ალბანეთს 2:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):„საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის და ინტენსივობის გარეშე ვითამაშეთ. უკრაინა უფრო აგრესიული იყო და დამსახურებულად დაწინაურდა. თუმცა, საერთო ჯამში გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონდა და სწორედ ამიტომაა ეს მარცხი უფრო მეტად გულდასაწყვეტი. თუმცა, როდესაც თამაშს იწყებ ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მარცხი გასაკვირი არ არის. წარმატებული პერიოდის შემდეგ, ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს და თუ მაღალ დონეზე გსურს გააგრძელო თამაში, თითოეულ მატჩს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა შეხვდე. 

ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი. ზოგჯერ, ამისთვის სირთულეების გადალახვაა საჭირო და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ასეთი იყო. თამაშის ორი მესამედი ბურთს ვფლობდით, უკეთესი გუნდი ვიყავით და ცუდი სტარტის შემდეგ პოზიტიური რეაქცია გამოვავლინეთ. თუმცა, ჩეხეთთან შეხვედრაშიც საწყისი 15 წუთი იყო ცუდი და ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ. დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. გვსურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი გავხდეთ და გავუმჯობესდეთ. საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდის წარმატება საოცარმა გუნდურმა სულისკვეთებამ მოიტანა, რაც დღევანდელი მატჩის პირველ ნახევარში დაგვაკლდა".

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): "თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია". 

ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ".  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები