დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამი მიზეზი, რაც ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობას აფერხებს - გვანცა მელაძე

სამი მიზეზი, რაც ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობას აფერხებს - გვანცა მელაძე

21-04-2023 19:38:06

საგარეო ვაჭრობაში, ძირითადად ექსპორტის კუთხით, საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე იზრდება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რუსეთში საექსპორტო  მაჩვენებლების შემცირება და დივერსიფიკაციაა - რასაც განვითარებული ქვეყნების  ბაზრებზე, რასაც რამდენიმე ფაქტორი აბრკოლებს.

როგორც ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გვანცა მელაძე Business Insider Georgia - თან განმარტავს, შემაფერხებელი გარემოებებია: ბრენდირებული პროდუქციის წარმოების სიმცირე, გაძვირებული ლოგისტიკა და ინვესტიციები.

„საქართველოს ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის ლოგისტიკის მაღალი ხარჯი. მარშრუტები შეცვლილია ჯერ კოვიდის, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომის გამო. იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე იაფიანი ტრანსპორტი, რაც გადიოდა დასავლეთისკენ შავ ზღვაზე, არის  პრობლემატური და რისკები გაიზარდა.  ბევრი მარშრუტი ვერ სრულდება, რამაც ტრანსპორტირება გააძვირა.

ზოგადად  საწვავის ფასიც გაზრდილია და ამ ფაქტორებმა ერთობლიობაში ლოგისტიკის გაძვირება გამოიწვიეს. ძირითადად ხდება ხმელეთით გადაზიდვა, რაც შედარებით ძვირია, ვიდრე სხვა ტიპის ტრანსპორტით. დანახარჯებში ტრანსპორტის წილიც გაზრდილია და ქართული პროდუქტი დასავლეთის მიმართულებით უფრო ნაკლებად კონკურენტული გახდა“, - აცხადებს გვანცა მელაძე.

მისი ინფორმაციით, სახმელეთო გადაზიდვების წილი  50%-ია მთლიან ექსპორტში, საზღაო გადაზიდვები 40%-მდეა, დანარჩენს საჰაერო ტრანზიტი და სარკინიგზო გადაზიდვები ინაწილებენ.

„განსაკუთრებით ძვირია სატრანსპორტო გადაზიდვებში დასავლეთის მიმართულება, თურქეთის გავლით. სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ. იმისთვის, რომ ევროკავშირში ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა გავზარდოთ, პირველ  რიგში, დივერსიფიკაციისთვის საჭიროა, რომ ბრენდირებულ პროდუქციაზე ვიმუშაოთ, რაც განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე ექსპორტისთვის პოზიციების განსამტკიცებლად ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რათა უფრო მეტად მოხდეს საქართველოს პოპულარიზაცია, ნდობის მოპოვება.

ამისთვის მნიშვნელოვანია  წარმოება ხდებოდეს საქართველოში და უკვე გარანტირებულად გადიოდეს მზა პროდუქცია ევროკავშირში.

ასევე დივერსიფიკაციის კუთხით სასურველია, რომ  შეძლებისდაგვარად მოხდეს სპარსეთის ყურის ქვეყნების ათვისება. ქვეყანა მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული ინვესტიციების მოზიდვაზე, მათ შორის, არა მარტო მსხვილი კომპანიებისგან, არამედ მცირე და საშუალო უცხოური კომპანიებისგანაც. უცხოური ინვესტიციების ათვისების მხრივ ზოგადად გვიჭირს, რესურსი ამისთვის არასაკმარისია. მუშა ხელი შესაბამისად კვალიფიციური არ არის, ამიტომ სტრატეგია უფრო უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ევროპულმა მცირე და საშუალო ბიზნესმა წარმოება სხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოიტანოს“, - ამბობს გვანცა მელაძე Business Insider Georgia - თან.

ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სულ მიცირე 3 წელი  სჭირდება ბიზნესს, რომ პოზიციები განამტკიცოს ევროკავშირის ბაზარზე და უწყვეტი მომარაგების ჯაჭვი შეკრას.

„გრძელვადიანი საპარტნიორო შეთანხმებებისთვის ბევრი ფაქტორია გადამწყვეტი. მსოფლიოში და ზოგადად განვითარებული ქვეყნების ბაზრები სტაბილურია. ძნელია შეღწევა, მაგრამ დამკვიდრებაც არ არის მარტივი.

სულ მცირე 3 წელი არის საჭირო, რომ კომპანია კონკრეტულ ბაზარზე დამკვიდრდეს, ამით უკვე მარტივდება ურთიერთობა, შეკვეთები  წინასწარ ფინანსდება, რაც ყველგან არ ხდება.  ამიტომ, როცა პარტნიორული ურთიერთობები  ლაგდება, მსგავს ბაზრებზე უკვე წინასწარი გადახდების შესაძლებლობა ჩნდება და დაფინანსებაც უფრო ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს გვანცა მელაძე.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 61%-ით, $176.9 მილიონამდე გაიზარდა. 79%-ით, თითქმის $490 მილიონამდეა გაზრდილი საქართველოში რუსული საქონლის იმპორტი.

საქსტატის მონაცემით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $667 მილიონი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია ფიქსირდება. პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29 %-იანი ზრდაა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით არის გაზრდილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები