ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, აგრონომი ნანა ფიფია მარწყვის წლევანდელ სეზონს განახლებული წარმოებით ხვდება. მიმდინარე წლის თებერვალში სათბური თითქმის მთლიანად გაუნადგურდა ქარიშხლის გამო, თუმცა ნახევარი უკვე აღადგინა და ადგილობრივ ბაზარზე პირველ მოსავალიც გამოიტანა.
„ნანას მარწყვი“ სამეგრელოს გარდა, რეგიონებსა და თბილისში იყიდება. გაზრდილი იმპორტის მიუხედავად მასზე მოთხოვნა არ მცირდება.
„თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვი უფრო იაფი ღირს, თუმცა კონკურენციის გაწევას ვახერხებთ. ჩვენი პროდუქტი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამორჩეულია, ამიტომ მომხმარებელს მეტის გადახდა უღირს. ამ ეტაპზე 1 კგ. მარწყვის ფასი 10 ლარია.
წინა წელს აღებული მოსავლის ადგილობრივ ბაზარზე სრულიად რეალიზება შევძელით.
წელს ფაქტობრივად თავიდან მოგვიხდა ყველაფრის დაწყება, სტიქიამ დიდი ზიანი მოგვაყენა, მაგრამ გავუმკლავდით. სათბურის ნახევარი სრულად აღვადგინე. ნერგების დამზადების პროცესში ვიყავით, როცა სათბური ქარმა დაანგრია. ნაწილსაც მცირე ხანში აღვადგენთ, ვფიქრობ, რომ ამ ზარალის გამოსწორებას შევძლებთ“, - ამბობს ნანა ფიფია Business Insider Georgia- თან.
აგრონომი დარგში არსებულ პრობლემაზეც დასძენს და აცხადებს, რომ მწარმოებლებისთვის დიდ სირთულეა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რის გამოც ახალი პროექტები განუხორციელებელი რჩება.
„როდესაც საქმეს ვიწყებდი, არავის ეგონა, რომ მარწყვის წარმოება სამეგრელოში გაამართლებდა. ჩვენ ეს გამოგვივიდა. სამწუხაროდ, დარგი ვერ ვითარდება, რადგან ფინანსურ რესურსზე წვდომა სირთულეა. პრობლემაა მუშა ხელთან დაკავშირებითაც. აყვავებული მარწყვის სათბური ულამაზესი სანახავია, მაგრამ ეს მარტო სურათების გადასაღები ადგილი არ არის, სექტორს დახმარება სჭირდება, რომ განვითარდეს, ახალი პროექტები განხორციელდეს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - ამბობს ცნობილი აგრონომი.
ნანა ფიფიას „სან ადნრეასის“ ჯიში მარწყვი სოფელ ცაიშში 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოჰყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. სასათბურე მეურნეობა მცირე ფინანსებით 2012 წელს გააშენა და თავის ცოდნას დამწყებ აგრონომებსაც უზიარებს.
უახლესი
16 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება