დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მის შემოსავლებთან და ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულსა და ცილისმწამებლურს უწოდებს

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მის შემოსავლებთან და ქონებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას აბსურდულსა და ცილისმწამებლურს უწოდებს

11-03-2024 19:03:00

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ლევან გამყრელიძე მის ქონებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას Facebook-ზე ეხმაურება და აბსურდულსა და ცილისმწამებლურს უწოდებს.

გამყრელიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, მედიასაშულებების მიერ მის შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები „მტკიცებულებების გარეშე, მიზანმიმართულად, არასწორად იყო გაცხადებული“.

„მსურს გამოვეხმაურო ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან კამპანიური ხასიათის აბსურდულ ბრალდებებს და ცილისწამებლურ განცხადებებს ჩემს შემოსავლებთან და ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩემს დისკრედიტაციას.

სწორედ ასეთ მცდელობებზე პასუხად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, როგორც პასუხისმგებლიან საჯარო მოხელეს აუცილებლობად მიმაჩნია საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ჩემი და ჩემი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, რომელთა თაობაზე სამწუხაროდ გარკვეული მედიასაშუალებების მიერ შესწავლისა და მტკიცებულებების გარეშე, მიზანმიმართულად, არასწორად იქნა გაცხადებული, თითქოსდა ქონება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში საქმიანობის პერიოდში იქნა შეძენილი.

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში დირექტორის პოზიციაზე 2021 წლის 26 ივლისს დავინიშნე. მანამდე კი ჩემი 20 - წლიანი კარიერის განმავლობაში, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, მეკავა მაღალი თანამდებობრივი პოზიციები (მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასევე სს საქართველოს ბანკის პრობლემური აქტივების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა). შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი და დანაზოგი თანხები, როგორც საქართველოში მაცხოვრებელ ყველა ადამიანს მაძლევდა საშუალებას კანონიერი გზით განმეხორციელებინა ქონების შეძენა. ამასთან, ჩემი და ჩემი ოჯახის ნებისმიერი ქონება თუ შემოსავალი საჯარო სამსახურში საქმიანობის პერიოდში, აისახებოდა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში.

სატელევიზიო სივრცეში გასული სიუჟეტების მიხედვით ყურადღება გამახვილებულ იქნა სააგენტოში საქმიანობის პერიოდში შეძენილ ქონებებზე, კერძოდ ქ. თბილისში ლისის დასახლებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე, რომლის სამშენებლო სამუშაოების წლების განმავლობაში, ეტაპობრივად დასრულების შემდგომ, 2023 წელს მოხდა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემა. რაც შეეხება ქონების ღირებულების გადახდას იგი ეტაპობრივად ხორციელდებოდა, მათ შორის 2023 წელს, რომლის მონაცემებიც, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით მომდევნო წლის ქონებრივ დეკლარაციაში აისახება. შესაბამისად, საუბარი იმაზე თითქოს ქონების შეძენა სააგენტოში ერთწლიანი საქმიანობის პერიოდში (2023 წელი) განხორციელდა მოკლებულია ობიექტურ შეფასებას.

ასევე დამახინჯებულად და არასწორად იქნა წარმოჩენილი ინფორმაცია ამავე პერიოდში სოფელ კოტორაანთკარში არსებულ ქონებასთან მიმართებით - აღნიშნული ქონებაც სააგენტოში საქმიანობის დაწყებამდე, 2016 წელს არის შეძენილი, რაც ასახულია ჩემი გასული წლების ქონებრივ დეკლარაციაში. ასევე, ცრუ ინფორმაციაა იგივე პერიოდში დაბა ბაკურიანში საკუთრებაში არსებული ე.წ. აგარაკთან მიმართებით: აღნიშნული ქონება საერთო სარგებლობის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო ჩემი წილი საკუთრებაში მიწის ფართობით შემოიფარგლება, რომელზეც არავითარი შენობა ნაგებობა არ არის განთავსებული და რომლის შეძენაც ასევე 2016 წელს განხორციელდა. ინფორმაციის გადამოწმება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია.

ზემოთაღნიშნული თემა შემოსავლებთან და ქონებებთან დაკავშირებით, სრულიად არათემატურად და ხელოვნურად მიბმულია გასულ კვირას სატვირთო ავტომობილების მფლობელების და მძღოლების მიერ გამოხატულ პროტესტთან. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიციატივით ზემოთაღნიშნული თემის მოსაკვლევად ჩართულია შიდა აუდიტის დეპარტამენტი. ვფიქრობ, აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში სრულად იქნება ყველა დასმულ შეკითხვაზე თუ ბრალდებაზე გაცემული პასუხები და კიდევ ერთხელ დადასტურდება სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალეობა, რაც პირველ რიგში ქართველი გადამზიდავების ინტერესების დაცვას მოიაზრებს და ცხადყოფს გარკვეული ჯგუფების მიერ პროვოცირებული ბრალდებების არაობიექტურობას”, - ნათქვამია მის განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები