დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„სახე დარის“ ვირის რძისგან დამზადებული კოსმეტიკა ექსპორტზე აშშ-ში გადის

„სახე დარის“ ვირის რძისგან დამზადებული კოსმეტიკა ექსპორტზე აშშ-ში გადის

18-05-2023 09:26:25

 

 

„სახე დარის“ წარმოებულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა გაიზარდა. ვირის რძის საპონი, სახის კრემი, ტუჩსაცხი და სხვადასხვა პარფიუმერია ძირითადად აშშ-ს ბაზარზე იყიდება.

როგორც კომპანია ,,სახე დარის“ დამფუძნებელი თემურ ლომიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, საქართველოში ეს პროდუქცია ნაკლებად მოთხოვნადია, რადგან ცნობადობა დაბალია.

„ხუთი სახეობის პარფიუმერიას ვაწარმოებთ. უმეტესწილად ეს არის სამკურნალო და კოსმეტიკური პროდუქცია, მათ შორის კრემი, რომელიც შველის აკნეს, გამონაყარს და ამცირებს ნაოჭებს. ამასთან, უებარი საშუალებაა თმის ცვენის და ქავილის სამკურნალოდ.

ერთ-ერთი მოთხოვნადი ხაზია მამაკაცების ლოსიონი, რომელიც პარსვის შემდეგ გამოიყენება. რაც შეეხება ტუჩსაცხებს, ეფექტურია ტუჩების დახეთქვის, ჰერპესის და კანთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ქართველი მომხმარებლისთვის ვირის რძის კოსმეტიკა ნაკლებად პოპულარულია, სამაგიეროდ აშშ-ში, ჩინეთში და ევროპულ ქვეყნებში კარგად იცნობენ. წარმოებულ პროდუქციას ჯერჯერობით აშშ-ში ვაგზავნით, თუმცა სამომავლოდ საექსპორტო არეალის გაფართოებასაც ვგეგმავთ", - ამბობს თემურ ლომიძე და დასძენს, რომ ქართულ ბაზარზე უფრო ვირის რძეზე არის მოთხოვნა, კოსმეტიკური ხაზით ამ პროდუქტს ნაკლებად იცნობენ.

ადგილობრივ ბაზარზე საპნების ღირებულება 20 ლარია, 1 გრამი სახის საცხის ფასი კი 1 ლარს შეადგენს. როგორც მეწარმე ამბობს, აღნიშნული პროდუქცია ამერიკაში 3-4-ჯერ ძვირი ღირს.

ცნობისთვის, 1 ლიტრი ვირის რძე 70 ლარი, ხოლო 1 კგ ყველი 1500 ლარი ღირს.

ვირების ფერმა „სახე დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებს. საწარმო 2016 წელს დაფუძნდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები