ვირის რძეზე და მისგან დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე მოთხოვნა მზარდია. როგორც Business Insider Georgia-სთან ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელმა, თემურ ლომიძემ განაცხადა, თუ 2016 წელს ვირის რძეს ადამიანებს ჩუქნიდა, დღეს სახედრის რძეზე მოთხოვნა გაზრდილია და შესაბამისად გაყიდვებიც.
„3 წლის უკანაც კი რეალიზაცია ძალიან მიჭირდა. თუმცა ბოლო 1-1,5 წლის უკან გაყიდვები გაზრდილია და პედიატრების დიდი ნაწილი საკუთარ პაციენტებს უკვე ჩემთან გზავნის. გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო 3 წლის განმავლობაში 100%-ზე მეტითაა გაზრდილი. დღეს რძის წარმადობაც გაზრდილია. ფერმაში დღეისათვის 100 მეტი სახედარი გვყავს, დღეში რძისწარმადობა 10 ლიტრია“, - აღნიშნა თემურ ლომიძემ.
„სახე-დარი“ ვირის რძისგან დამზადებულ კოსმეტიკურ საშუალებებსაც აწარმოებს და აშშ-ში ექსპორტიც ჰქონდათ, თუმცა როგორც თემურ ლომიძე განმარტავს დღეისათვის კოსმეტიკური საშუალებებს წარმოება და აშშ-ში ექსპორტი შეჩერებულია.
„ვინაიდან საქართველოს ბაზარზე ვირის რძეზე და შესაბამის პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ექსპორტი შეგვეჩერებინა და მთლიანად ადგილობრივი ბაზარზე რეალიზაციით დავკავებულიყავით. ჯერ გვინდა, რომ საკუთარი ბაზარი დავაკმაყოფილოთ. კოსმეტიკური საშუალებების წარმოებას დაახლოებით 1,5 თვეში განვაახლებთ. ადგილობრივი ბაზრის გარდა კოსმეტიკურ საშუალებებს ახალ საექსპორტო ბაზარზე გავიტანთ არ არის გამორიცხული, რომ აშშ ჩინეთმა ჩაანაცვლოს და პროდუქცია ჩინეთში შევიტანოთ, სადაც ინტენსიური მოლაპარაკებები უკვე გვაქვს.
ჩინეთის ბაზარზე ვირის რძის პროდუქციაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. შესაძლოა აშშ-ში ჩვენს პროდუქციას უფრო მაღალ ფასში ვყიდდით, მაგრამ ჩინეთში რაოდენობრივად უფრო მეტს გავყიდით. თუ აშშ-ში საპონს ვყიდით 20 დოლარად, შეიძლება ჩინეთში 20 დოლარად ვერ გავყიდოთ, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მეტს გავყიდით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გაყიდვების ზრდა მე უკვე საშუალებას მაძლევს, რომ ფერმა გავაფართოვო“. - ამბობს ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელი.
მისივე განმარტებით, ფერმაში ინვესტირებასა და გაფართოებაზე „სახე-დარი“ ღვინის მწარმოებელ ერთ-ერთ ცნობილ ქართულ კომპანიასთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს. თემურ ლომიძის თქმით, მომავალ ინვესტორთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია და ახლა საუბარია ორ სუბიექტს შორის ოფიციალური საქმიანი ურთიერთობების დაწყების ფორმებზე.
სავარაუდოდ ღვინის მწარმოებელი კომპანია „სახე-დარის“ გარკვეული წილის მფლობელი გახდება.
„მხოლოდ ჩემი ძალებით ჩინეთის ბაზარს ვერ გავწვდები. აშშ-შიც გვიჭირდა. იქ გვყავდა ბიზნესპარტნიორი, რომელმაც ცოტა დაგვაღალატა. გაყიდვებს თავი ვერ მოაბა. ჩინეთის ბაზარზე ვირის რძეზე დამზადებული პროდუქტები საკმაოდ ცნობილია და მასზე მაღალი მოთხოვნაა. აშშ-ში კი ცნობადობა დაბალი იყო“, აცხადებს ფერმის დამფუძნებელი.
ადგილობრივ ბაზარზე დღეისათვის 1 ლიტრი ვირის რძე 80 ლარი ღირს. როგორც თემურ ლომიძე ამბობს, ვირის შენახვის ხარჯი გაიზარდა და შესაბამისად გაძვირდა ვირის რძეც.
იმავდროულად, „სახე-დარი“ გეგმავს ასევე სახედრის რძისგან საკვების დანამატები დაამზადოს და ისე გაყიდოს.
„რამდენიმე ხნის უკან ჩვენ „ბაქტერიოფაგში“ დავამზადეთ ფხვნილი. ანუ შეგაქვს თხევადი რძე, რომელიც იყინება და ვაკუუმით +18 გრადუსზე ყველანაირი შრატი და სითხე ორთქლდება და რჩება ფხვნილი. აღნიშნული ფხვნილისგან მზადდებოდა ვირის რძის ფხვნილი, მაგრამ ახლა გვინდა, რომ ეს მიღებული ფხვნილი ვაქციოთ აბებად და ისე გავიტანოთ ქსელში. ეს იქნება საკვები დანამატი და მას ანალოგი არ ექნება. მინდა, რომ მასზე წვდომა ჰქონდეს ყველას“, - აცხადებს ვირის რძის მწარმოებელი ფერმის „სახე-დარის“ დამფუძნებელი.
შეგახსენებთ, ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებდა. ფერმაში სამი ძირითადი მიმართულებაა - კოსმეტიკური, ჯანმრთელობის და კვების.
უახლესი