დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში საკრუიზო ტურებზე მოთხოვნა გაზრდილია - კრუიზერი

საქართველოში საკრუიზო ტურებზე მოთხოვნა გაზრდილია - კრუიზერი

10-04-2024 18:00:00

საქართველოში საკრუიზო ტურებზე მოთხოვნა გაზრდილია, აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან კრუიზერი • Cruiser-ის თანადამფუძნებელი ანა კირკიტაძე აცხადებს. როგორც ცნობილია „კრუიზერის“ მთავარი პროდუქტი არის კრუიზი - გემებით მოგზაურობა სხვადასხვა ზღვებსა თუ ოკეანეებში.

როგორც ანა კირკიტაძე განმარტავს, თუ მსოფლიოში საკრუიზო ლაინერებით მოგზაურობა პანდემიამდელ მაჩვენებელს შესაძლოა 2024 წელს დაუბრუნდეს, საქართველოში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის მაჩვენებლებს უკვე გადაუსწრო. 

„პანდემიის პერიოდში კრიზების თემა გაჩერდა და პრაქტიკულად განულდა. ყველაზე გვიან, როგორც მიმართულება გაიხსნა კრუიზების მიმართულება, რადგანაც ბოლომდე შეზღუდვები ჰქონდათ, ითხოვდნენ COVID-აცრებს და PCR ტესტებს. წელს უკვე არის პროგნოზი, რომ საკრუიზო ტურების გაყიდვები წელს  მსოფლიოში პანდემიამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდება. თუმცა საქართველოში ამ მიმართულებით უკვე განსხვავებული ვითარებაა, რადგანაც პანდემიამდე საკრუიზო ტურები სულ სხვა რაოდენობით იყიდებოდა და ამ დროისათვის კი გაცილებით უფრო გაზრდილი რაოდენობით იყიდება. პანდემიის შემდეგ საკრუიზო ტურები საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით იყიდება. ევროპაში, სადაც აქვთ ან ახლოს აქვთ საზღვაო ზოლი და სადაც საკრუიზო ლაინერები შედიან, ისინი უფრო მარტივად ყიდულობდნენ ამ ტურებს, ხოლო საქართველოში შედარებით ნაკლებად, რადგან ჩვენიდან უწევდათ დამატებით ავიაბილეთების შეძენაც იმისთვის, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე გადაფრინდნენ. გარდა ამისა ბარიერი იყო, რაც ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის სჭირდა - წინასწარ დაგეგმვა. ბევრს ერთი თვით ადრე დაგეგმვა არ უყვარს. თუმცა ფასის, ადგილის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით უფრო უკეთესი შემოთავაზებაა თუ ბილეთი იჯავშნება და მოგზაურობა იგეგმება 4-5 თვით ადრე. ეს ქცევა ქართველ მომხმარებელში ადრე უფრო ნაკლებად იყო, ვიდრე ახლა. სექტემბერსა და ოქტომბერში ანტალიაში დასვენებასაც კი უკვე დღეს გეგმავენ, იმდენად შეიცვალა და იცვლება მომხმარებლის ქცევა. ამან კრუიზებიც წამოწია, როგორც ტურისტული პროდუქტი, რადგანაც ერთი თვის ადრე, როდესაც მომხმარებელი სხვადასხვა ვერსიებს ადარებს ერთმანეთს კრუიზი ძვირი ეჩვენება, ხოლო თუ 5-6 თვით ადრე გეგმავენ და სხვადასხვა პროდუქტებს ადარებენ საკრუიზო ტურები ძვირი აღარ ეჩვენებათ. რადგანაც შესაძლოა საკრუიზო დასვენება უფრო კარგ ბიუჯეტში გამოვიდეს, ვიდრე სხვა ტიპის მოგზაურობა. ამიტომ შეცვლილია მოთხოვნა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. შარშანდელთან შედარებით წელს მოთხოვნა უფრო გაზრდილია. ამით კი მსოფლიო მოთხოვნა და საქართველოში არსებული მოთხოვნა საკრუიზო  დასვენებაზე საკმაოდ განსხვავდება“, - აცხადებს ანა კირკიტაძე.

 „კრუიზერის“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ წელს საქართველოს ბაზარზე აქტიურად შემოვიდა იტალიური ბრენდი Costa Cruises-ი, რომელსაც ბიუჯეტის თვალსაზრისით საკმაოდ ადეკვატურ ფასში აქვთ პაკეტები და მარშრუტებიც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო გააჩნიათ.  „კრუიზერის“ და Costa Cruises-ის თანამშრომლობის ფარგლებში სულ მალე საინფორმაციო ტური მოეწყობა და ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ავლენ და თავის თავზე გამოცდიან Costa-ს საკრუიზო ლაინერის სერვისებს და შემდეგ უფრო მარტივად გადასცემენ მომხმარებელს პროდუქტს. 

ანა კირკიტაძე აცხადებს, რომ საქართველოდან საკრუიზო ტურებზე მოთხოვნა უმეტესწილად ხმელთაშუა ზღვის აუზზე მოდის, სადაც ძირითადად, სტანდარტულ,  7 ღამიან საკრუიზო პაკეტებზეა მოთხოვნა, თუმცა არის უფრო მოკლეც და ხანგრძლივი ტურებიც, თუმცა გაყიდვების 80%-ი მაინც სტანდარტული დროის ტურებზე მოდის. 

„საქართველოდან ყველაზე მოთხოვნადი არის ისეთი პორტებიდან გასვლა, სადაც გაქვს პირდაპირი ფრენები, ანუ ლოკაციაზე მარტივადაა მოხვედრა შესაძლებელი, მაგალითად, რომთან არსებული პორტიდან.

ასევე მოთხოვნადია გასვლა ბარსელონიდან. გარდა გემზე ასვლისა ქალაქიც საინტერესო უნდა იყოს, რომ მინიმუმ ერთი ღამე გაჩერდეს იქ ადამიანი. ამიტომ მალტიდან, პალერმოდან,  პალმა-დე-მალიორკიდანაც კი გადის საკრუიზო გემები, მაგრამ ვინაიდან ამ ლოკაციებზე მოხვედრა შედარებით რთულია, ხალხი უპირატესობას ანიჭებს იმ პორტებს, სადაც ადვილად ჩადის.

ხმელთაშუა ზღვის აუზის შემდეგ პოპულარულია არაბეთის ზღვის კრუიზი, რომელიც როგორც წესი გადის აბუ დაბიდან, ან დუბაიდან და ეს საკრუიზო ლაინერები ხვდება შემდეგ ომანში, საუდის არაბეთში, კატარში და ასე შემდეგ. თუმცა ეს საკრუიზო ტურები უფრო პოპულარულია შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში, როდესაც ჩვენთან ცივა, ხოლო იქ ცხელა“, - განმარტავს „კრუიზერის“ თანადამფუძნებელი. 

ირკვევა, რომ წინასწარი ჯავშნების შემთხვევაში ორ ადგილიან კაიუტაში საკრუიზო ლაინერზე დასვენება 1700-2000 ევროდან იწყება. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები