გამოიკვეთა 14 მედიკამენტი, რომელზეც ფასნამატი დაახლოებით 300%-დან 3000%-მდეა, ვახორციელებთ მოკვლევას, თუ რით არის ეს ფასნამატი განპირობებული. ჩვენი აზრით, მოკვლევის შედეგებს წლის ბოლოს გავასაჯაროებთ, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მედიკამენტების ფასებზე შეიმჩნევა ძალიან პოზიტიური ტენდენციები, ინფლაციის დაბალ მაჩვენებელში მედიკამენტების ფასების შემცირების წილი ძალიან მნიშვნელოვანია და არის მედიკამენტები საქართველოში, რომელიც 40%-დან 70%-მდეა გაიაფებული.
„დაახლოებით, 20 მედიკამენტზე გვქონდა მოწოდებული ინფორმაცია, რომ მათზე ფასნამატები იყო 300%-დან 3000%-ის ფარგლებში. ჩვენ დავიწყეთ აღნიშნული ინფორმაციის ანალიზი. გამოიკვეთა 14 მედიკამენტის ბაზარი და ის კომპანიები, რომლებსაც უჭირავთ ამ მედიკამენტების ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა, ანუ 40 პროცენტზე მეტი წილი. ასეთი დაახლოებით 8 კომპანიაა. ეს არის ძირითადად იმპორტიორი კომპანიები, რომლებსაც საქართველოში მაღალი მოთხოვნის მქონე მედიკამენტები შემოაქვთ. ჩვენი მიზანია გავარკვიოთ, თუ რით არის ეს ფასნამატი განპირობებული, ხომ არ აქვს რაიმე ისეთ ფაქტორებს ადგილი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ ტიპის მედიკამენტების მაღალი ფასით მიწოდებას უზრუნველყოფს. მოკვლევა ამას პასუხს გასცემს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე მოკვლევის შედეგებს გავასაჯაროებთ. კომუნიკაცია და კოორდინაცია აქტიურ რეჟიმშია ჯანდაცვის სამინისტროსთან. მე ვფიქრობ, ეს მოკვლევა ძალიან ბევრ, წლების მანძილზე დაგროვილ შეკითხვებს გასცემს პასუხს, თუ რატომაა საქართველოში გარკვეული მედიკამენტები ძვირი. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციებს. ძალიან ბევრი რეფორმა განხორციელდა საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ზოგიერთი რეფორმა ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზეც. თუ ჩვენ ვნახავთ ბოლო პერიოდს, ინფლაციის დაბალ მაჩვენებელში მედიკამენტების ფასების შემცირების წილი ძალიან მნიშვნელოვანია და არის მედიკამენტები საქართველოში, რომელიც 40-დან 70%-მდეა გაიაფებული“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
უახლესი
14 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა