22-24 თებერვალს თბილისში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კანადა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ინვესტორი ქვეყანაა. „მასთან აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოში ხარისხობრივი ინვესტიციების შემოდინებას, რომლებიც უზრუნველყოფს ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. ის წაახალისებს კანადელ ინვესტორებს, დაინტერესდნენ საქართველოს ეკონომიკით ან გაზარდონ არსებული ინვესტიციები," - განაცხადა მან.
„ველოდებით, რომ საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და სტიმულს მისცემს კერძო კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას. შეთანხმების დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის," - განაცხადა გენადი არველაძემ.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ოთხი ოფიციალური რაუნდი 2018, 2019 და 2022 წლებშიც გაიმართა. მორიგი მე-6 რაუნდის გამართვა მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.
უახლესი
11 საათის წინ
რისი წამალია და როგორ უნდა გამოვიყენოთ პაიდოტერინი?15 საათის წინ
თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად1 დღის წინ
Bitcoin-ის ფასი რეკორდული ზრდის შემდეგ ეცემა