პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი, გიორგი მსხილაძე, ეროვნული ბანკის კანდიდატის შესახებ მმართველი პარტიის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნების“ განცხადება აზიანებს ბანკისა და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან.
„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი.
ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგენასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია.
რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით.
ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, - განაცხადა მსხილაძემ.
მანამდე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა.
მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.
უახლესი
6 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა