Business Insider Georgia-სთან „არდის “ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება შეაფასა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უწყებამ სადაზღვევო ბაზარზე განსახორციელებელ კონცენტრაციასთან დაკავშირებით თანხმობა გასცა და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი არდი დაზღვევის სადაზღვევო პორტფელის 100%-იან წილს შეიძენს.
„იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის ზომა დიდია, განაცხადი გაკეთდა კონკურენციის სააგენტოში და დღეს ეს განაცხადი დაკმაყოფილდა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ“ „არდი დაზღვევის“ სადაზღვევო პორტფელის 100%-იან წილს შეიძენის ტექნიკური პროცესი მიმდინარეობს და დაახლოებით ორ-სამ თვეში დასრულდება, რადგან ბევრი სამართლებრივი და ტექნიკური ნიუანსია“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
2022 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ გააკეთა სტრატეგიული გაყოფა. „არდი“ გაიყოფა ორ ნაწილად. ამ ორი კომპანიიდან ერთში, გაყოფის შედეგად იყიდის და ინვესტირებას მოახდენს „საქართველოს კაპიტალი“. გაყოფის შედეგად ამ კომპანიასთან მიმართებით პროპორცია იქნება 97% და 2-3% იქნება მეორე კომპანიაში.
„არდი დაზღვევა“, რომელსაც მომხმარებელი იცნობს, იქნება ამ მსხვილ ნაწილში, სადაც ძირითადი ბიზნესის, დაზღვეულების, თანამშრომლების ინტეგრირება მოხდება ამ მხარეს და სრულად „საქართველოს კაპიტალის“ მფლობელობაში იქნება ის კომპანია.
ხოლო მეორე კომპანია, ოპერირებას სხვა სახელით დაიწყებს და დაიწყებს ფუნქციონირებას როგორც ნიშური სადაზღვევო პროდუქტების მქონე მცირე კომპანია.
2023 წელს (11 თვის მონაცემი), სს „არდი დაზღვევის" მიერ მოხდა 83 744 974 ლარის პრემიის მოზიდვა. პრემიის 81.3%-ს შეადგენს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის რეალიზაციის შედეგად მოზიდული პრემია, 9.2%-ს სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა), ხოლო 9.5% ნაწილდება 11 სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტზე.
2023 წლის 11 თვის მონაცემებით, სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე 16 კომპანია მოქმედებდა, საერთო ჯამში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა - 402 545 318 ლარი.
„არდის" საბაზრო წილი სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე შეადგენს - 16.9%; „იმედი ელ-ის" და „ალდაგის" ერთობლივი წილი („საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი") - 18.7%; ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსმა შეადგინა 1453 ერთეული. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად, საბაზრო წილი 35.6%-მდე, ხოლო კონცენტრაციის ინდექსი 2090 ერთეულამდე იზრდება.
რაც შეეხება ავტოდაზღვევის, იგივე პერიოდში ბაზარზე მოქმედებდა 17 კომპანია, საერთო ჯამში მოზიდულმა პრემიამ შეადგინა - 176 329 001 ლარი.
„არდის" საბაზრო წილი ავტოდაზღვევის ბაზარზე 4.4%-ს შეადგენდა; „ალდაგის" კი - 23.7%-ს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ ერთობლივი საბაზრო - 28.1%-მდე გაიზრდება, HHI ინდექსი კი 1546-დან 1753 ერთეულამდე.
სააგენტოს განმარტავს, რომ კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, ავტოდაზღვევის ბაზარზე ადგილი არ აქვს დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას. რაც შეეხება სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის ბაზარს, ამ შემთხვევაშიც არ აქვს ადგილი დომინანტური მდგომარეობის შექმნას ან მის გაძლიერებას, თუმცა საბაზრო წილი მაღალია და შესაბამისად, მსგავს შემთხვევებში სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებით გაეანალიზებინა ბაზრის სტრუქტურა/სპეციფიკა, რათა გამორიცხულიყო კონკურენციის შესაძლო (არსებითი) შეზღუდვა შესაბამის ბაზარზე.
საბოლოო შეფასებით აღნიშნული კონცენტრაცია სამედიცინო (ჯანმრთელობის) და ავტო დაზღვევის ბაზარზე გავლენასთან დაკავშირებით არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს, საქართველოში რეგისტრირებული 40 597 კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. აღნიშნულ პერიოდში, სააგენტომ 9 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
უახლესი