კიბერუსაფრთხოების მოქმედი ეროვნული სტრატეგია, მარეგულირებელი ჩარჩო და კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი საკითხები. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ნადირაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს.
შეხვედრის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს გააცნეს კიბერუსაფრთხოების საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს კიბერსაფრთხეებისა და გამოწვევების შემცირებასა და დროულ აღმოფხვრას. ყურადღება გამახვილდა იმ სარგებელზე, რომელსაც პლატფორმის მონაწილენი მიიღებენ.
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
„მსგავსი შეხვედრები უზრუნველყოფს ბიზნესის დროულ ინფორმირებას, რაც თავის მხრივ კიბერსაფრთხეების რისკებს ამცირებს და პრევენციის ხელსაყრელი ინსტრუმენტია. მსგავსი სახის საკომუნიკაციო პლატფორმები მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების საკითხები უკავშირდება ათასობით მომხმარებლის შესახებ დაცულ ინფორმაციას, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობასა და ოპერირებას. ამიტომაც სრულიად ბუნებრივია კერძო სექტორის ჩართულობის მაღალი ინტერესი და სურვილი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ცალსახად გამოიკვეთა " განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
უახლესი