ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადზე მიღებას აცხადებს.
პროგრამა ქალ ლიდერებს, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებსა და საწარმოებს წარმოადგენენ, 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს. იგი ოთხ ღირებულებას - ცოდნას, მხარდაჭერას, გამოცდილებასა და თანამშრომლობას ემყარება. პროგრამა ინტენსიურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებს, ონლაინ კურსებს, მენტორობას მოიცავს და დამწყებ თუ გამოცდილ მეწარმეებს ბიზნესის გაძლიერებაში ეხმარება. პროგრამის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების პარტნიორია EFSE Entrepreneurship Academy.
ბიზნესის წარმოების საფუძვლები, გაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, ადამიანის უფლებები, ლიდერობა, გუნდის მართვა, ფინანსები, ბიზნესის დაგეგმვა და კომუნიკაციები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პროგრამის მონაწილეებს გამოცდილი მენტორები გაესაუბრებიან.
პროგრამის ნაწილია პროფესიული კავშირების დამყარება და ქსელის გაფართოება, რაც მეწარმეების გაძლიერებისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია. ამასთან, მონაწილეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესის გამოწვევები მენტორებთან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე განიხილონ და გადაჭრის გზებზე რჩევა მიიღონ. მას შემდეგ, რაც 200 მეწარმე ქალი თეორიულ გადამზადებას გაივლის, გაეროს განვითარების პროგრამა, პროექტის ფარგლებში, მათთვის საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა დამწყებ ან გამოცდილ ქალ მეწარმეებს, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან და ნებისმიერი სფეროდან შეუძლიათ; მათ, ვისაც აქვთ მზაობა და სურვილი, პროგრამას დაუთმონ დრო.
„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტია, რომლისთვისაც პრიორიტეტულია ქალი მეწარმეების გაძლიერება. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს და ვცდილობთ, ფინანსური თუ არაფინანსური პროდუქტებით დავაკმაყოფილოთ ეს საჭიროებები. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, UNDP-სა და შვედეთის მთავრობასთან ერთად, მივიღოთ მეწარმე ქალთა გაძლიერების პროგრამის მორიგი ნაკადი, გავუზიაროთ მათ ღირებული ინფორმაცია და მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი საქმიანობა ახალ ეტაპზე გადაიყვანონ“, - ამბობს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის Value Added სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი რუსუდან ბარათაშვილი.
პროგრამაში განაცხადის მიღება 1 მარტს სრულდება. რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო5 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი