საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება ბანკის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამა 14 უნივერსიტეტში უკვე ხორციელდება, ახლახან მათ რიცხვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც (KIU) შემოუერთდა.
აპლიკანტები პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით ფასდებიან.
KIU-ს განცხადებით, შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდზეარის ხელმისაწვდომი.
“საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, მათი ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი პორტფოლიო უკვე 40-ზე მეტ პროექტს ითვლის და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ამ კონტექსტში ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა პარტნიორ უნივერსიტეტებში საქართველოს ბანკის სტიპენდიებია, რომელთა რიცხვს უკვე მეთხუთმეტე - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც შეემატა. ეს არის შესაძლებლობა მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მოიპოვონ საქართველოს ბანკის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, დაეუფლონ სასურველ პროფესიას და წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
უახლესი