„მტკიცე სული 2023“ წვრთნები საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლებით დაიწყო.
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა C-17 მრავალფუნქციური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო სწავლება განხორციელა.
დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ.
Agile Spirit 2023 ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 21 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ.
Agile Spirit 2023-ის არეალი მოიცავს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ნაწილებს. სანაპირო დაცვის მონაწილეობით ფოთის აკვატორიაში გარკვეული ამოცანები განხორციელდება. წვრთნები 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.
წვრთნაში მონაწილეობენ სამხედროები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, აშშ, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, აზერბაიჯანი, ბელგია, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იორდანია, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და იაპონია.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს