საქართველო მოტივირებულია, რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიცაა ტურიზმი იყოს შედეგზე ორიენტირებული, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძე საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას. ნატა კვაჭანტირაძის განმარტებით, ტურიზმის სტატისტიკა წლიდან წლამდე, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ მზარდია და ამის შედეგი ასახულია საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში, რომელიც ყოველ კვარტულად ქვეყნდება.
„ზოგადად ქვეყანა მოტივირებულია, რომ ეკონომიკის ეს მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიცაა ტურიზმი იყოს ძალიან შედეგზე ორიენტირებული და სახელმწიფოსთან ერთად ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს კერძო სექტორი, რომელიც აქტიურად ეწევა მარკეტინგულ აქტივობებს სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით. შესაბამისად მათი მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებში, ასევე საერთაშორისო ტუროპერატორებთან პრეზენტაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მიმდინარე სტატისტიკის ჭრილში.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მცდელობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი სტუმარი ეწვიოს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან აქტიური პერიოდია ტურისტულად. ზაფხული ცხელი სეზონისთვის წინასწარ ჯავშნებს უკვე აქტიურად ღებულობენ და იმის მაჩვენებლები, რომ ჩვენ შევძლოთ რაც შეიძლება მეტი სტუმარი მივიღოთ ზაფხულის პერიოდში არის ძალიან დიდი. იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო დიდ და წარმატებულ შედეგს მივიღებთ“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
სებ-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო მოგზაურების დანახარჯებში ზრდა ფიქსირდება, თუმცა შემცირებულია ისრაელელი მოგზაურების მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხების მოცულობა, რაც გეოპოლიტიკური მდგენელებიდან გამომდინარეობს.
„ზოგადად ისრაელის ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, როგორც შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით, ისე გამყვან ტურიზმში. თუმცა დღევანდელი მოცემულობა არის ის, რომ ისრაელი დღეს იმყოფება ძალიან რთულ მდგომარეობაში. თავისთავად თავშეკავება მოგზაურობისგან ასეთ პერიოდში არის მიზანშეწონილი. ამ ფონზე თავისთავად გასაგებია, რომ ჩვენს სტატისტიკურ მონაცემებში არ დომინირებს ისრაელელი მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საბოლოოდ დავკარგეთ ისრაელის მიმართულება. იმედი გაქვს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და ისევ გააქტიურდება მოგზაურები ისრაელიდან.
რაც შეეხება ევროკავშირის გააქტიურებას ამის მაჩვენებელი არის ის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი და ამ სტატუსს აკვირდება ძალიან ბევრი ქვეყანა და განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნების ბიზნესები, როდესაც ისინი იწყებენ გარკვეულ მარკეტინგულ აქტივობებს ჩვენი ქვეყნის მისამართით. აკვირდებიან რამდენად სტაბილური ვითარებაა ქვეყანაში, რათა უზრუნველყონ შემდეგ ტურისტული შეთავაზებების მიწოდება თავიანთი მიმწოდებლებისთვის. ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყანა ამ კუთხით აქტიურად პოზიციონირებს და ეს სტატუსი აძლევს მას იმის საშუალება, რომ თავიანთი შეთავაზებები გაცადონ და სწორედ ამან განაპირობა შემოსავლებში ევროპელი მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების ზრდა“, - განაცხადა ნატა კვაჭანტირაძემ.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 807.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 2%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 795.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი რუსი მოგზაურების მხრიდან ფიქსირება - 171.2 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა თურქეთი - 117.5 მლნ დოლარი, ხოლო მესამეზე - ევროკავშირი - 108.3 მლნ ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4,125.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წელს დაფიქსირებულ შემოსავლებთან შედარებით ზრდა 17%-ია.
უახლესი