საქართველო ინდოეთში დაგეგმილ SATTE 2024-ზე იქნება წარმოდგენილი, ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
ომიაძის თქმით, გამოფენაზე საქართველოს საპრომოციო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 28 კომპანია.
„2024 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას იღებს ინდოეთში დაგეგმილ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენ SATTE 2024-ში, რომელსაც ქალაქი ნიუ-დელი 22-24 თებერვალს უმასპინძლებს.
ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს საპრომოციო სტენდზე წარმოდგენილი იქნება 28 თანამონაწილე კომპანია საჯარო და კერძო სექტორიდან. SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) აღიარებულია, როგორც აზიის წამყვანი მოგზაურობის და ტურიზმის გამოფენაა. აღნიშნულ გამოფენაზე 2024 წელს მიიღებს მონაწილეობას 1200 მონაწილე კომპანია 50 ქვეყნიდან და დაესწრება 35 000 -ზე მეტი ვიზიტორი“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2023 წლის სამი კვარტლის მონაცემებით საქართველოს ინდოეთიდან 59,258 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა. ეს მაჩვენებელი კი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 66.4%-იან ზრდას, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან კი 48.2%-იან ზრდას აჩვენებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირ ფრენებს ინდური კომპანია IndiGo ასრულებს, რომელმაც დელისა და თბილისს შორის ოპერირება აგვისტოდან დაიწყო. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ინდოეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ახორციელებს
უახლესი