საქართველო ხდება კეთილსაიმედო ადგილი ინვესტორებისათვის ინვესტიციის განსახორციელებლად, - აღნიშნულის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვინც საქართველოში ბიზნესის კეთების გამოცდილება მიიღო, მას გაუჩნდა სურვილი ბიზნესის გაგრძელების და შესაბამისად რეინვესტირების.
„მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, რომელიც მეორე კვარტალში გვქონდა, მეორე კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ასევე დაფიქსირდა მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ანუ ნათლად გამოჩნდა, რომ ეკონომიკა მრავალმხრივად არის განვითარებული და სხვადასხვა სექტორი ვითარდება დამოუკიდებლად იმ პროცესისა, რაც შეიძლება ამა თუ იმ ადგილსა თუ ქუჩაზე ხდება. ეკონომიკა ვითარდება. ეკონომიკა ვითარდება მყარად, ძლიერად. ვითარდება რეგიონული ეკონომიკა, ვითარდება ტურიზმი და ასე შემდეგ. საქართველო ხდება კეთილსაიმედო ადგილი ინვესტორებისათვის ინვესტიციის განსახორციელებლად და საკმაოდ მაღალი ინვესტიციები გაქვს ჩვენ მეორე კვარტლის მიხედვით.
თითქმის 600 მლნ დოლარი მობილიზებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით და მნიშვნელოვანია, რომ რეინვესტირებას აქვს დიდი წილი. ეს ნიშნავს, რომ ვინც გამოცდილება მიიღო საქართველოში ბიზნესის კეთების, მას გაუჩნდა სურვილი ბიზნესის გაგრძელების. ხედავს რა კეთილსაიმედო გარემოს, იღებს რა გამოცდილებას იმ ვითარებისა რაცაა ქვეყანაში, მას უჩნდება განცდა, რომ აქ დაფუძნდეს და უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელოს. საქართველო არის ოაზისი მთელს რეგიონში. შევხედოთ რა ვითარებაა ირგვლივ, საქართველო გამორჩეულია როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ბიზნესის ხელშემწყობი გარემოთი და ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მაღალი ეკონომიკური ზრდა სწორედ ამის შედეგია“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, რომ დაბალი ინფლაციის პირობებში საქართველო არსებული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას და ათვისებას მაქსიმალურად ახორციელებს.
„ეს ძალიან კარგია და მიუთითებს იმას, რომ საქართველო ახორციელებს არსებული ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას და ათვისებას. დაბალი ინფლაცია ხელშემშლელი ფაქტორია ისეთი ქვეყნებისთვის და ისეთი ეკონომიკებისათვის, რომელსაც ეკონომიკური პოტენციალი პრაქტიკულად ამოწურული აქვს და ფასების მატების თუ სხვა დამატებით რესურსების მოძიების ხარჯზე ცდილობს უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.
ისეთი ტიპის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, რომელსაც გამოუყენებელი რესურსები ჭარბად აქვს, განვითარების პოტენციალი უფრო მეტი აქვს და იწყებს ამ პოტენციალის ათვისებას ტურიზმის, მომსახურების ექსპორტის და ასე შემდგომ, ბუნებრივია ასეთ დროს ხდება მაღალი ეკონომიკური ზრდა და შეიძლება ეს მოხდეს დაბალი ინფლაციის ფონზე, რაც გვინდა. იმიტომ, რომ დაბალი ინფლაცია ნიშნავს მეტ კეთილდღეობის შენარჩუნებას მოსახლეობისათვის. მაღალი ეკონომიკური ზრდა ამ კეთილდღეობის ზრდას და საბოლოო ჯამში კეთილდღეობის ეს მატება აისახება თითოეულ ოჯახზე. სწორედ ეს არის მიზანი“, - ამბობს მიხეილ დუნდუა.
უახლესი