დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო 1 კგ გაუტეხავ კაკალში $2.67-ს იხდის

საქართველო 1 კგ გაუტეხავ კაკალში $2.67-ს იხდის

07-04-2023 14:30:48

კაკლის გაზრდილი წარმოება გარკვეულწილად ანაცვლებს საქართველოში იმპორტირებული კაკლის რაოდენობას, - ამის შესახებ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაშია აღნიშნული.

ასოციაციაში, საქსტატზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საქართველომ 2021 წელს 7,200 ტონა გაუტეხავი კაკლის მოსავალი მიიღო, ხოლო 2022 წლის მოსავალი, რომელიც ოფიციალურად ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, სავარაუდოდ 8,500 ტონას მიაღწევს (ასოციაციის პროგნოზით). 

2022 წლის მონაცემებით საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე კაკლის რეალიზებით 670,000 დოლარის შემოსავალი მიიღო. 

რაც შეეხება ფასებს, 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული გაუტეხავი კაკლის საშუალო ფასმა 3.4 დოლარი/კგ შეადგინა.

ექსპორტირებული გაუტეხავი კაკლის საშუალო ფასი ქვეყნების მიხედვით მკვეთრად იცვლებოდა 1-დან 15 დოლარამდე/კგ, რაც განპირობებულია ვაჭრობის მცირე მოცულობით და ნაკლებად ასახავს სამიზნე ბაზარზე კაკლის რეალიზაციის რეალურ ფასს. 

ქვეყნების მიხედვით ფასების მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა ექსპორტირებულ გატეხილ კაკალშიც (ნიგოზი),რომელმაც ჯამში მხოლოდ 53 ტონას შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტირებული გაუტეხავი კაკლის უმეტესი ნაწილი სომხეთში ფიქსირდება. 

„იმპორტირებული გაუტეხავი კაკლის საშუალო ფასი გასულ წელს 2.67 დოლარი იყო. ყველაზე დიდი რაოდენობით გაუტეხავი კაკალი ჩილედან (42%) შემოვიდა და მისი საშუალო ფასი 2.86 დოლარს/კგ შეადგენდა. შემდგომ მოდის თურქეთი, საიდანაც იმპორტირებული გაუტეხავი კაკლის საშუალო ფასმა 3.6 დოლარი/კგ შეადგინა. გაუტეხავი კაკლის იმპორტი ასევე განხორციელდა უკრაინიდან, რუმინეთიდან, არგენტინიდან, თუმცა გამომდინარე მათი მცირე მოცულობიდან კილოგრამი კაკლის ფასი არ შეესაბამება რეალურ საბაზრო მაჩვენებლებს“, - განმარტავენ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაში. 

რაც შეეხება გატეხილ კაკალს (ნიგოზს), იმპორტში აქაც ლიდერობს უკრაინა, როგორც მოცულობით ისე დაბალი ფასით (მთლიანი იმპორტის 44 % უკრაინაზე მოდის).

2022 წელს საქართველოში იმპორტირებული გატეხილი კაკლის საშუალო ფასი 3.27 დოლარ/კგ დაფიქსირდა, მაგრამ მხოლოდ უკრაინიდან იმპორტირებული გატეხილი კაკალი 3,12 დოლარად/კგ შემოვიდა.

ასევე საშუალოზე დაბალი ფასად შემოვიდა საქართველოში გატეხილი კაკალი უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან, რომელთა ფასი 2.89-დან 3 დოლარამდე მერყეობდა. 

„აღსანიშნავია რომ განსხვავებულ ფასებს განაპირობებს ორი ფაქტორი: იმპორტირებული კაკლის მოცულობა (რაც დიდია მოცულობა უფრო მეტად ასახავს კონკრეტული ქვეყნიდან შემოტანილი კაკლის საშუალო ფასს) და ხარისხი (კალიბრი, ფერი, გემოვნური თვისებები, და ა.შ)“, - აღნიშნავენ ასოციაციაში.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები