საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე, რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.“
შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„დღეს, 2023 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 15 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან.
2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. აღნიშნულიდან 15 წლისთავზე რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო სასამართლოების არა ერთი გადაწყვეტილებით.
რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში და სხვადასხვა ქმედებებით, მათ შორის ხელოვნური ბარიერების აღმართვით, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით, უკანონო დაკავებებით და სხვა, დარტყმას აყენებს ადგილზე არსებულ ისედაც რთულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ გარემოს. ამასთან, ოკუპირებულ ტერიტორიებთან საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის პროცესი, სხვადასხვა სახის ინტეგრაციული ე.წ. ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების გაფორმება, აძლიერებს ადგილზე რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს და ხელს უწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ომის შედეგად დაშორიშორებული მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევას, როგორც დანარჩენი საქართველოსგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისგან“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უახლესი