სასტუმრო საბადური ჰილსი • Sabaduri Hills-ი ორი თვეა რაც გაიხსნა და უკვე საკმაოდ მოთხოვნადი მიმართულება გახდა. როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო საბადური ჰილსის გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა, ტერიტორიაზე სასტუმროს გარდა სპორტული კომპლექსიც მდებარეობს, სადაც მსურველებს ცხენით გასეირნებას, საცხენოსნო ლაშქრობის და ასევე, ჯირითის შესწავლის სერვისს სთავაზობენ.
„სასტუმრო სატესტო რეჟიმში პრაქტიკულად უკვე აღარ არის. საბადური ჰილსი სასტუმროსთან ერთად აერთიანებს სპორტულ კომპლექსს და საცხენოსნო მიმართულებას. საბადური ჰილსის ინვესტიცია 7 მლნ ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა“, - აცხადებს საბადური ჰილსის გენერალური მენეჯერი.
მენეჯერი ამბობს, რომ ახლად გახსნილი სასტუმროს პირობებში საბადური ჰილსი სტუმრების რაოდენობის კუთხით საკმაოდ დატვირთულია.
სასტუმროს ასევე აქვს რესტორანი, რომლის შეფიც დავით აბაშიძეა. სასტუმროსთან ერთად მოკლე პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა რესტორანიც, სადაც სერვისის მისაღებად უკვე სპეციალურად ჩადიან.
„ჩვენს რესტორანში საკმაოდ საინტერესო მენიუ და კერძებია და საბადური ჰილსს უკვე გარედან, აღნიშნული რესტორნისთვისაც აკითხავენ. გვაქვს საკონფერენციო სივრცე და კორპორატიულ მიმართულებასაც ვმასპინძლობთ. ამ მიმართულებიდან ჯავშნები არის, რაც ძალიან გვახარებს, რადგანაც არ გვეგონა, რომ ასე მალე დაიჯავშნებოდა.
საბადური ჰილსისთვის ტურისტულად ყველაზე აქტიური სეზონი ზაფხულია და თუმცა საბადურის ტყეს შემოდგომა აქვს განსაკუთრებულად ლამაზი და ასევე სტუმრებისთვის მიმზიდველია პირველი თოვლი, რომელიც საბადურის ტყეში მართლაც, რომ გამორჩეულია. ტყის ნაწილში აქტივობა ყოველთვის იყო, რადგანაც საბადურის ტყე საკმაოდ ცნობადი ადგილია თბილისის მაცხოვრებლებისთვის.
„საბადური ჰილსს გათვლა აქვს წლის 4 სეზონზე. სეზონურად დახურვას და მერე გახსნას სასტუმრო არ აპირებს. სასტუმროში ამისათვის არს შიდა აუზი და მშრალი საუნა. რაც შეეხება გარე აუზს, მისი მშენებლობა გათვალისწინებულია“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
სასტუმროს ნომრებს რაც შეეხება არის როგორც ორ ადგილიანი, ისე საოჯახო ნომრებიც.
„გვაქვს სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრები და გვაქვს ასევე ე.წ.საოჯახო ნომრები, რომელიც არის ორ საძინებლიანი და ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ოჯახების დასვენებისთვის იდეალურადაა მორგებულია. გვაქვს ასევე შშმ პირებზე გათვლილი სასტუმრო ნომრებიც. რაც შეეხება ფასებს, ორ ადგილიანი ნომრის ღირებულება საუზმით 200 ლარია. თუმცა სხვადასხვა ფასდაკლების საიტებზე გვიდევს სააქციო შეთავაზებებიც. ასევე გვაქვს უფრო მაღალი კატეგორიის ოთახები, შედარებით მაღალ ფასად. ასევე ჯგუფებისთვის განსხვავებული ტარიფებია“, - ამბობს საბადური ჰილსის გენერალური მენეჯერი.
ირკვევა, რომ ქართველებთან ერთად სასტუმრო უკვე მოთხოვნადია უცხოელი ტურისტების მხრიდანაც.
„უცხოელების მხრიდან აქტიურობა არის. ძალიან კარგად წამოიღო ჯავშნები Booking-მა. უკვე გვყავდა დიდი ოჯახები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ინდოეთიდან. ხოლო რაც შეეხება ევროპას, ევროპიდან უმეტესად წყვილები გვყავს, რომელთაც უფრო ექსკლუზიური ტურიზმი ხიბლავთ და არა გაპაპსავებული მიმართულებები“, - აცხადებს საბადური ჰილსის გენერალური მენეჯერი.
საბადური ჰილსი - თბილისთან ახლოს, საბადურის ტყეში ერთადერთი სასტუმროა, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობები და უგემრიელესი სამზარეულო დაგხვდებათ. მისი დამფუძნებლები კი წარმატებული ვეტერანი სპორტსმენები არიან, ხოლო პროექტის განხორციელებაში ჩადებული ინვესტიცია სრულად ქართულია.
უახლესი