რუსეთთან საგარეო ვაჭრობის გაღრმავებას ეკონომიკურ წრეში სერიოზულ რისკად აღიქვამენ.
ყველაზე ოპტიმალური გზა, რაც შეიძლება გამოინახოს, იმ პროდუქტების წილის შემცირებაა, რომლის ჩანაცვლებაც უფრო მარტივად არის შესაძლებელი. ასეთია ხორბალი, ნავთობპროდუქტები და სხვა, რომლის ალტერნატივაც ადვილად მოიძებნება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა.
„რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გამყარება სარისკოა. თუმცა ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, როგორიცაა, მაგალითად, კონკრეტული პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინტერესები.
მაგალითად, რუსეთიდან შემოდის ნორმალური ხარისხის და ფასის კომბინაციის პროდუქცია, რომლის ჩანაცვლება არცთუ ისე რთულია. ეს შეიძლება იყოს, პირობითად, სამშენებლო მასალები, ნავთობპროდუქტები და სხვა, მათ შორის სურსათი.
ნავთობპროდუქტების შემთხვევაში, მოთხოვნა გაზრდილია, რაც შედარებით დაბალი ფასით არის განპირობებული.
რუსეთთან საგარეო ვაჭრობას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია შევამციროთ ისეთი პროდუქტების წილი, რომლის ჩანაცვლებაც ოპერატიულად და მარტივად შეგვიძლია.
მაგალითად, ასეთია ხორბალი, რომელიც შემოგვაქვს რუსეთიდან, თუმცა მისი ჩანაცვლების შესაძლებლობაც არსებობს", - აცხადებს ვახტანგ ჭარაია და დასძენს, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად განულდეს ამ პროდუქციის მიღება რუსეთიდან, რომლის იმპორტიც სხვა ქვეყნიდან, თუნდაც მეზობელი სახელმწიფოებიდან შეგვიძლია.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აშშ. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ეუსეთი იანვარ-აგვისტოში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. ამ ქვეყანას მთლიან ვაჭრობაში 12%-იანი წილი უკავია. მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველო-რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 686 მილიონი დოლარი შეადგინა.
უახლესი