დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როცა ქვეყანა ენერგოდეფიციტურია, მომენტალურად დგება ენერგოუსაფრთხოების საკითხი - მაია მელიქიძე

როცა ქვეყანა ენერგოდეფიციტურია, მომენტალურად დგება ენერგოუსაფრთხოების საკითხი - მაია მელიქიძე

18-08-2023 16:00:25

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში, მაია მელიქიძე Business Insider Georgia-თან ინტერვიუში ამბობს, რომ როცა ქვეყანა ენერგოდეფიციტურია, მომენტალურად დგება ენერგოუსაფრთხოების საკითხი.

როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ეს პრობლემა, რა ენერგოგამოწვევების წინაშეა საქართველო, სად არის ყველაზე სუსტი რგოლი და რა რესურსი არსებობს განახლებადი ენერგიით ელექტროენერგიის წარმოების გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე  მაია მელიქიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ:

  • გაეროს მდგრადი განვითარების მე-7 მიზნის მიხედვით, საქართველომ 2030 წლამდე განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი უნდა გაზარდოს. დღეს გამომუშავებული ენერგიის 75% ჰესებზე მოდის, 24% - თბოელექტროსადგურებზე, 1% - ქარის სადგურებზე, ჰიდროენერგიის ნაწილში ენგურჰესის წილი 26%-ია. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განახლებადი ენერგიის წილი გაიზარდოს?

 

საქართველოს განახლებადი ენერგიის წილის გაზრდა კომპლექსური საკითხია და მოითხოვს სახელმწიფო მხარდაჭერას, ინვესტიციების მოზიდვასა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებას. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა მხარდაჭერის ახალი CFD მექანიზმის დანერგვით. წარმატებულმა პირველმა აუქციონმა ცხადყო, თუ რამდენად მაღალია ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა განახლებადი ენერგიის მიმართულებით. გამარჯვებული პროექტებიდან - 14 ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 149 მგვტ იქნება, 2 ქარის ელექტროსადგურის - 77 მგვტ, ხოლო მზის 10 ელექტროსადგურის სიმძლავრე - 70 მგვტ. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანიებთან მემორანდუმების გაფორმება და მეორე აუქციონიც მალე შედგება. როგორც აღვნიშნე, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა ენერგიის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ მიმართულებით GREDA აქტიურად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს, აი, მაგალითად, წელს, USAID-ის ენერგეტიკული პროგრამისა და GREDA-ს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უფროსკლასელს ჩაუტარდა ლექციები განახლებად ენერგიასა და გარემოს დაცვაზე.

  • როგორ ფიქრობთ, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის გადავადებას ექნება თუ არა გავლენა CFD აუქციონის მასშტაბსა და ბიზნესის აქტივობაზე?

 

დაგეგმილი იყო, 1-ელ ივლისს ენერგეტიკული ბირჟის გახნის შემდეგ, მეორე CFD აუქციონის ჩატარებაც, თუმცა ბირჟის გახსნის გადავადების გამო აუქციონის თარიღმაც გადაიწია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს მომავალში აუქციონი გაიმართება და მერე უკვე ნათლად დავინახავთ სურათს. ვიმედოვნებთ, რომ მეორე აუქციონიც ასეთივე წარმატებული იქნება. ამავდროულად მიმდინარეობს მუშაობა განახლებადი ენერგიის სექტორის წახალისების მეორე მექანიზმზე - მწვანე სერტიფიკატებზე. ამ საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მუშაობს. ბუნებრივია, ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროები აუცილებლად უნდა იყვნენ გარემოს დაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობაში. მწვანე სერტიფიკატები იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი მექანიზმი განახლებადი ენერგიის სექტორის განსავითარებლად.

  • რაც შეეხება სტატისტიკას, აჩვენებს, რომ მზისა და ქარის ენერგიის წილი გამომუშავებაში მცირეა. როგორ შეაფასებთ არსებულ პოტენციალს და რა არის ასეთი დაბალი სტატისტიკის მიზეზი?

 

საქართველოს განახლებადი ენერგიის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, როგორც ჰიდრო, ისე მზისა და ქარის რესურსების მხრივ. ყველაზე უხვი რესურსი, რა თქმა უნდა, ჰიდროს მხრივ გვაქვს.

კვლევებით დამტკიცებულია, რომ გეოლოგიური, სეისმური და გარემოსდაცვითი საკითხებიდან გამომდინარე, ქვეყნის 26 ათასი მდინარიდან 300-მდე მდინარეზეა ჰესის მშენებლობა შესაძლებელი. დღესდღეობით, ჰიდრო რესურსის მხოლოდ 22% გვაქვს ათვისებული.

რაც შეეხება მზესა და ქარს, გარკვეულწილად იყო ცოდნის ნაკლებობა, რაც უკვე დაძლეულია და მეორე - ტექნოლოგიების სიძვირე, თუმცა მზის პანელების ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო ფასი 30%-ით შემცირდა, შესაბამისად, ეს მიმართულება ბოლო ერთ წელიწადში საგრძნობლად განვითარდა, დაიდგა 800- მდე მიკრო ელექტროსადგური და გენერირებული ელექტროენერგია დაახლოებით 46 მგვტ-ია. ქარის სადგური საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გვაქვს, გორთან, თუმცა საქართველოში სხვა ლოკაციებზეც არის შესაძლებელი ქარის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელება.

როგორც აღვნიშნე, პირველი CFD აუქციონის ფარგლებში დაგეგმილია 2 ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა. ასევე, შესაძლებელია შენობებზე მცირე ზომის აგრეგატების დამონტაჟება. თბილისში, ერთი ასეთი აგრეგატი დამონტაჟებულია სააკაძის დაღმართზე მდებარე ბიზნესცენტრის სახურავზე, ხოლო მეორის მონტაჟი სემეკის შენობაზე იგეგმება. ქარის სადგურების მონტაჟი წყალშიც არის შესაძლებელი და ენერგიის გამოსამუშავებლად ზღვის ტალღების ენერგია გამოიყენება. მსოფლიოში ამის პრაქტიკა არსებობს.

  • საქართველოში დიდი ჰესების წინააღმდეგ არის სერიოზული საპროტესტო კამპანია. როგორ ფიქრობთ, რამდენად საფუძვლიანია იგივე ნამახვან ჰესთან ან ხუდონჰესთან დაკავშირებული პროტესტი?

 

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ყალიბდებოდა ჰიდროენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ კოორდინირებული საპროტესტო კამპანიები, რომლებმაც ქვეყანა მხოლოდ დააზარალა, შეჩერდა რამდენი ათეული პროექტი. ხშირად დიდი ჰესების გაპროტესტებისას მანიპულაცია ხდება სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის, გარემოსდაცვითი საკითხებით. სინამდვილეში, მსოფლიო პრაქტიკაში კაშხლიან და დერივაციულ სადგურებს ასწლეულებია წყლის დასარეგულირებლად იყენებენ.

საქართველოში ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია „ზაჰესი“. ფაქტობრივად, ყოველ გაზაფხულზე თბილისის მოსახლეობას მტკვარი ადიდებებით სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა, საუბედუროდ, მტკვრის ასეთი მოვარდნები ხშირად მსხვერპლით სრულდებოდა. „ზაჰესის“ აშენების შემდეგ მტკვრის დონის რეგულირებით შესაძლებელი გახდა ამ გამოწვევის გადალახვა. გარდა იმისა, რომ კაშხლიანი და დერივაციული სადგურები საშუალებას გვაძლევენ ხშირ შემთხვევაში თავიდან ავირიდოთ ან შევამციროთ ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბი, ჰესები მნიშვნელოვნად ამცირებენ ჰაერში გაფრქვეული ემისიების რაოდენობას. ჰესის ოპერირებისას ჰაერის დაბინძურება არ ხდება, რადგან ჰესი არ იყენებს წიაღისეულ საწვავს. თუ კი ჩვენ გარემოს დაცვასა და გლობალურ დათბობაზე ვსაუბრობთ, რისი რეალური საფრთხის წინაშეც ვართ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსავალი სათბური გაზების ემისიების შემცირებაა, ემისების შემცირება კი სწორედ განახლებადი ენერგიის მაქსიმალური ათვისებითაა შესაძლებელი, სუფთა და მწვანე ენერგიით.

  • საქართველოში იწყება მწვანე წყალბადის წარმოება, კერძოდ, საპილოტე პროექტი, რაც ქვეყანაში საპილოტე საწარმოს და ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვის აწყობას გულისხმობს. საპილოტე პროექტში ჩართულია „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი“ , რომელიც შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკურ და სხვა საჭირო კვლევებს დააფინანსებს. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე, წყალბადის გამოყენება ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში განიხილება. როგორ ფიქრობთ, რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ მიმართულებით?

 

ეს საკითხი საქართველოში ჯერ სამეცნიერო დონეზეა და კვლევები მიმდინარეობს და როცა დასრულდება უფრო თამამად შევძლებთ საუბარს, თუმცა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, დონორები ძალიან არიან დაინტერესებულნი ამ თემით, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი. მწვანე წყალბადს ჩვენს ქვეყანაში აქვს პერსპექტივა, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ წყლის რესურსებით მდიდარი ქვეყანაა და ბუნებრივია, შეგვიძლია სამეცნიერო კვლევების დასრულების შემდეგ გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე. კერძოდ, მოხდეს მწვანე წყალბადის გამოყენება ავტომობილებში, რისი პრაქტიკაც აშშ-ში უკვე არსებობს.

2027 წლისთვის მსოფლიოს წამყვანი ავტობრენდები ცდილობენ, რომ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავიდნენ და შემდეგი ეტაპი აუცილებლად იქნება წყალბადი. ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს.

  • საქართველოში შავი ზღვის კაბელის პროექტის განხორციელება იგეგმება. პროექტის თანახმად, წყალქვეშა ელექტროკაბელით, საქართველო რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს და ევროკავშირის ქვეყნებს ელექტროენერგია მიაწოდოს. ცნობილია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს და ალტერნატიულ პარტნიორებს ეძებს. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს პროექტი არის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის შანსი…

 

შეიძლება ითქვას, რომ დღეს შავი ზღვის კაბელის პროექტი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისთვის. პრეცედენტული იქნება საქართველოსა და ევროკავშირის, ამ შემთხვევაში რუმინეთის ელექტროსისტემების ერთმანეთთან დაკავშირება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები. პროექტის განხორციელება საქართველოს აძლევს შანსს, იყოს არა მხოლოდ ტრანზიტული დერეფანი, არამედ გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი.

ამ პროექტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უნდა მოხდეს განახლებადი ენერგიის გატარება, რისი რესურსიც ქვეყანაში უხვად გვაქვს და მწვანე ენერგია იქცეს ქვეყნის ძირითად საექსპორტო პროდუქტად. რა თქმა უნდა, ეს პროექტი ცალსახად მოუტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას. დღეს საქართველოში არის შემცირებული ელექტროენერგიის გენერაცია 8%-ით, ხოლო მოხმარება გაზრდილია 12%-ით.

  • ენერგეტიკა არის ის დარგი, რასაც სჭირდება მზარდი ინვესტიციები. 2023 წლის პირველ კვარტალში დარგში 39 მილიონია ინვესტირებული. რა უნდა გაკეთდეს საინვესტიციო პორტფელის გასაზრდელად?

 

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმები, როგორიცაა CFD მექანიზმი და მწვანე სერტიფიკატები, სექტორში ინვესტიციების მოზიდვას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ ნამახვანის, ნენსკრას ჰესები და ხუდონჰესი უნდა აშენდეს. ამაზე მეტი მსხვილი პროექტი ქვეყანაში ვერ განხორციელდება, რადგან ფიზიკურად მეტი რესურსი არ არის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის ფონზე კარგი იქნებოდა ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა, რათა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩადოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში, ქვეყნის შიგნით არსებული გამოწვევების აღმოფხვრასა და მდგრადი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაში.

ვფიქრობ, ამ პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია კომუნიკაცია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. GREDA თავის მხრივ, ამ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს, 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდება. ეს მათ საშუალებას მისცემს საჭიროებისამებრ განავითარონ ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტები, რომლებიც მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც რა თქმა უნდა, დადებით და პროგნოზირებად საინვესტიციო გარემოს შექმნის.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები