„იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს შრომის უსაფრთხოების თემა მიმოიხილა. მისი შეფასებით წლებია აქტუალურია თემა, რომელიც შეეხება შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ სამუშაო პირობებს, ესაა საკითხი, რომელიც მუდმივად დისკუსიის საგანი იყო და გარკვეულწილად, ახლაც რჩება ჯანსაღი დისკუსიის საგნად სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.
„შრომის უსაფრთხოების კონკრეტული მაჩვენებლით შეფასება რთულია, მაგრამ მეორეს მხრივ, ბიზნესი, რომელიც შრომის სტანდარტების დაცვისკენ არის მიდრეკილი, უსაფრთხოების გარკვეულ წესებს იცავს. ბუნებრივია, უწევს დანახარჯების, გარკვეული ინვესტიციების გაღება, რომ საკუთარ საწარმოში ეს სტანდარტები იყოს უზრუნველყოფილი.
შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევიდან გამომდინარე, ჩვენ სამწუხარო ფაქტების შესახებაც გვსმენია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ რაც შრომის ინსპექცია მუშაობს აქტიურად და აქვს დიალოგი ბიზნესთან, ახორციელებს სტანდარტების დანერგვის პროცესს, მნიშვნელოვნად შემცირდა მძიმე შემთხვევების ნაწილი და ამავდროულად იხვეწება ის სტანდარტები, რაც სულ მცირე დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
ამ თემაზე, საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა გვაქვს:
ობიექტების 57%-ი შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ თბილისში შეამოწმა. მეორე ადგილზეა აჭარა -15%, ხოლო მესამეა ქვემო ქართლი -7%. თბილისში ამ უწყებამ 914 ობიექტი შეამოწმა, ხოლო ბათუმში 239 ობიექტი და 103 ქვემო ქართლში. აჭარა აქტუალურია ტურიზმის სეზონზე და არაერთი საკითხი იქნება, რომელიც შრომის სტანდარტებს შეეხება.
საინტერესოა, ასევე რის საფუძველზე ხდებოდა კონკრეტულად ობიექტებისა და საწარმოების შემოწმება:
ობიექტების 86% ხელმეორედ შემოწმდა გაცემული მითითებების შეუსრულებლობის საფუძველზე; სწორედ ამიტომ არის სახელმწიფო, რომ ამ მიმართულებით მონიტორინგი უზრუნველყოს. შრომის უსაფრთხოებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დისკრიმინაცია.
ასაკობრივ ჯგუფში 30-დან 65-წლამდე ყოველი მეოთხე ქალი და ყოველი მე-2 კაცია დისკრიმინაციის მსხვერპლი. ეს ჯგუფი ყველაზე მოწყვლადია.
რაც შეეხება, არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებს, მაღალი მაჩვენებელია 16-დან 18-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. საინტერესოა, რას ასაჩივრებენ ყველაზე ხშირად მოქალაქეები - 34% ასაჩივრებს შრომით უფლებებს, ეს არის ცხელი ხაზის მაჩვენებელი, რომელიც შრომითი ინსპექციის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა.
ამასთან 2018 წლიდან სამუშაო ადგილებზე ფატალური შემთხვევების შემცირების ტენდენცია იკვეთება:
2018 წელს - 59 შემთხვევა დაფიქსირდა, 2019 წელს - 45; 2020 წელს - 39, 2021 წელს - 37, 2022 წელს - 35, ხოლო 2023 წელს -34. თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მაღალია და სახელმწიფოს ამ კუთხით აქვს გამოწვევა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
უახლესი
5 საათის წინ
ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა7 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა