2022 წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების 7.4% გლობალურ აქციებში იყო განთავსებული.
როგორც ცნობილია, 2022 წელს საპენსიო სააგენტომ აქტიურად დაიწყო საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია და ბენჩმარკ პორტფელთან მიახლოება.
საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, წლის მანძილზე ეტაპობრივად მოხდა უცხოური ვალუტის შესყიდვა და შემდეგ გლობალურ და ადგილობრივ ფინანსურ ინსტრუმენტებში თანხის დაბანდება.
საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, უცხოური აქციების შეძენა განხორციელდა iShares MSCI World ETF (კოდი URTH)-ის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ 1500-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და ინდუსტრიების მიხედვითაა დივერსიფიცირებული.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ინვესტირებას, 2022 წელს საპენსიო სააგენტომ პირველად მოახდინა ინვესტირება ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებულ ობლიგაციაში.
სებ-ის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების 2.0 პროცენტი განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.2 პროცენტი ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.5 პროცენტი აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4 პროცენტი გლობალურ აქციებში, 0.8 პროცენტი ევროობლიგაციებში, 0.1 პროცენტი ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 63.0 პროცენტია განთავსებული.
2022 წელს გლობალურად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, ინტენსიურად გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რამაც საპენსიო სააგენტოს საშუალება მისცა ინვესტიცია გაეკეთებინა ისეთ ფინანსურ ინსტრუმენტებში, როგორიც აშშს სახაზინო ობლიგაციები, ევროობლიგაციები და ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციებია.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის მოცულობა 2.95 მილიარდ ლარს შეადგენდა (აქედან წმინდა ჯამური ამონაგები 438 მილიონი ლარი) და აღნიშნული თანხის 18.8 პროცენტი აშშ დოლარში, ხოლო 81.2 პროცენტი ლარში იყო დენომინირებული.
საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8 პროცენტი, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის განმავლობაში ჯამურად გამომუშავებული წმინდა სარგებელი 183 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც დაახლოებით 7.3 პროცენტის, წლიური ნომინალური (-2.3 პროცენტი რეალური) ამონაგების ტოლფასია.
შეგახსენებთ, რომსაქართველოში დაგროვებითი პენსიით, 7 აპრილის მდგომარეობით, სხვადასხვა კატეგორიის 3375-მა ადამიანმა ისარგებლა. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამი.
პენსიონერებზე გაცემულმა თანხამ 9 მილიონ ლარზე მეტი (3,6 მილიონი დოლარი) შეადგინა.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1- ელი იანვრიდან ამოქმედდა და სავალდებულოა. ბოლო მონაცემებით დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეა თითქმის 1,4 მილიონი ადამიანი.
სააგენტოს ინფორმაციით, ფონდის წმინდა მოგება გაშვების დღიდან (01.01.2019) 2022 წლის დეკემბრამდე შეადგენს 43,31%-ს, ხოლო რეალური მოგება (ინფლაციაზე კორექტირებული) იმავე პერიოდისთვის 4,28%-ია.
სააგენტომ საპენსიო დანაზოგების პირველი ინვესტიცია, მაღალი რეიტინგის მქონე ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში 2020 წლის მარტში (560 მილიონი ლარი, დაახლოებით 221,3 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით განახორციელა.
უახლესი