დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია გადაზიდვების ბაზრის ტენდენციები  და რომელი მიმართულებებია აქტიური - Inex Group-ი ახალ საბაჟო ტერმინალს აშენებს

როგორია გადაზიდვების ბაზრის ტენდენციები და რომელი მიმართულებებია აქტიური - Inex Group-ი ახალ საბაჟო ტერმინალს აშენებს

14-09-2024 01:00:00

Inex Group-ი, რომელიც გადაზიდვების მიმართულებით ოპერირებს, წლიდან წლამდე იზრდება და საკუთარ ინფრასტრუქტურასაც აფართოებს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას Inex Group-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, კომპანია წლის ბოლომდე ახალი საბაჟო ტერმინალის მშენებლობას დაასრულებს, სადაც საკუთარი ტვირთების გარდა სხვა კომპანიების ტვირთების მომსახურებასაც შეძლებს. 

„ჩვენ, Inex Group-ს გაქვს საკუთარი საბაჟო ტერმინალი. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ვაშენებთ ახალ ტერმინალს, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება. ის ორიენტირებული იქნება საფოსტო ამანათებზე. ინვესტიციას, რაც შეეხება ქართული ინვესტიციაა. ახალი ტერმინალი საშუალებას მოგვცემს მოვემსახუროთ, როგორც ჩვენს საჰაერო და სახმელეთო ტვირთებს, ასევე სხვა კომპანიების ტვირთებსაც.

არსებული ტერმინალში მხოლოდ სახმელეთო ტვირთებს ვიღებთ და იმის გამო, რომ კომპანია მუდმივად იზრდება, უფრო მეტი საჭიროება დგება იმისა, რომ იყოს ახალი ფართი და ახალი შესაძლებლობები. ახალი ტერმინალი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ, რომელიც ხელს შეუწყობს საბაჟო პროცედურების უფრო სწრაფად და ზუსტად ჩატარებას“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, Inex Group-ი გადაზიდვების სეგმენტში რამდენიმე მიმართულებით ოპერირებს, თუმცა ყველაზე აქტიური მაინც E-commerce და ონლაინ ამანათებია.

გიორგი კაპანაძის განმარტებით, Inex Group-ი საკუთარ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიწერონ სასურველი ნივთი ნებისმიერი ონლაინ მაღაზიიდან და კომპანია უმოკლეს ვადაში დაბალი ტარიფებით ჩამოიტანს მას საქართველოში და ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ოფისების  მეშვეობით, დამატებითი გადასახადის გარეშე დაარიგებს. 

„Inex Group-ის საქმიანობის მიმართულება არის გადაზიდვები. მათ შორის ძირითადი არის ამანათები, როგორც საერთაშორისო ისე შიდა გზავნილები. ეს ამანათებიც იყოფა ორ ნაწილად, E-commerce-ს გზით შეძენილი ამანათები ანუ ონლაინ ამანათები და მეორე არანაკლებ დიდი მასშტაბის და მოცულობის პერსონალური ამანათები, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები უგზავნიან თავის ოჯახის წევრებს. 

ასევე დაკავებული ვართ კომერციული ტვირთების გადაზიდვებით, თუმცა იმ მოცულობით არა როგორც ამანათების მიმართულებაა. 

მიმდინარე წელს  E-commerce-ს მიმართულებით ზრდა არის, თუმცა ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით, რადგანაც ჯერ დეტალური ანალიზი არ გაგვიკეთებია. დღევანდელი მონაცემებით რაც ჩანს და ხილვადია, ამანათების მოცულობა საორიენტაციოდ 35-40%-ითაა გაზრდილი. მიმართულებებს რაც შეეხება, ჩვენ 8 ქვეყნის მიმართულებით ვოპერირებთ და ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტენდენცია. ზრდა ყველა ქვეყნიდან ფიქსირდება, თუმცა არის მიმართულებები, სადაც დიდი ზრდაა. არის ასევე მიმართულებები, სადაც შედარებით ნაკლები ზრდაა. ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება ამერიკიდან, ჩინეთიდან და საბერძნეთიდან“, - აცხადებს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.

გიორგი კაპანაძე შემდგომ თვეებში ჩინეთის მიმართულების კიდევ უფრო გააქტიურებას ელოდება, ვინაიდან ახალი წელი მოდის და ამ პერიოდში ჩინეთი საკმაოდ აქტიური ხდება და ასევე Inex Group-ი ჩინეთიდან ონლაინ ამანათების კუთხით ახალ პლატფორმებთან თანამშრომლობასაც აანონსებს. 

„საახალწლოდ  E-commerce-ს მიმართულებით ჩინეთი იქნება ლიდერი და ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებლებით გაუსწრებს სხვა ქვეყნებს, გამომდინარე იქიდან რომ წლევანდელი ტენდენცია შეიცვალა. ჩვენ პირდაპირი თანამშრომლობა დავიწყეთ ცნობილ ჩინურ ონლაინ პლატფორმებთან, მათ შორის არის Pinduoduo და TEMU. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე ახალი კომპანია დაგვემატება. აქედან გამომდინარე წელს ჩინეთი ლიდერი იქნება. 

 E-commerce-ის მხრივ ჩინეთიდან ერთმნიშვნელოვანი ლიდერი იყო და დღესაც არის Taobao​. მასზე ჩინეთიდან ონლაინ ამანათების 70%-ია. შემდეგ კი მოდის Pinduoduo. რაც შეეხება AliExpress დიდი ხანია აღარ არის პოპულარული, რადგანაც ის ჩინეთის მისამართზე არ აგზავნის, თან საკმაოდ დიდი დრო სჭირდება სხვა ქვეყანაში ჩატანას და ფასებიც არ არის მიმზიდველი. ამიტომ საქართველოში ლიდერები Taobao​ და  Pinduoduo არიან. თუმცა საქართველოში გამოჩნდა ახალი პლატფორმა ესაა TEMU, რომელმაც მომხმარებლებს ონლაინ ვაჭრობის ახალი მეთოდი შესთავაზა და საკმაოდ პოპულარული გახდა. თუმცა გარკვეული ზრდის შემდეგ TEMU-დან გამოწერებიც კლებისკენ წავიდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩინეთიდან ონლაინ ვაჭრობის კუთხით ლიდერები Taobao​, Pinduoduo და TEMU დარჩებიან“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ირკვევა, რომ Inex Group-ს ყველა იმ ქვეყანაში აქვს საწყობი და მისამართები, რომელიც მსოფლიო დონეზე პოპულარულია და ონლაინ ვაჭრობაა განვითარებული.

„ეს ქვეყნებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი და განსაკუთრებით აღსანიშნავია საბერძნეთი, სადაც Inex Group-მა პირველმა, დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო მუშაობა. დღეს საბერძნეთი საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. 

ასევე, აღსანიშნავია თურქეთის მიმართულება, მაგრამ ამ ბაზარზე სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა რაც TEMU გამოჩნდა ბაზარზე. ასევე, თურქეთში საკმაოდ შეიცვალა ფასები, რადგანაც  გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებელი. თურქეთმა დაკარგა ის პოპულარულობა, რომელიც ჰქონდა, თუმცა სტაბილურად ჩამოგვაქვს თურქეთიდან ტვირთები. თურქეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანსპორტირებას 1-დან 3 დღემდე სჭირდება“, - აცხადებს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.

Inex Group-ის მაგალითზე, პერსონალური ამანათების კუთხით ლიდერია იტალიაა, რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც იტალიაში საქართველოს საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს. 

„პერსონალური გზავნილების კუთხით ლიდერია ევროპა, თუმცა ერთმნიშვნელოვანი ლიდერი იტალიაა და ასევე, საბერძნეთი არიან. რაც შეეხება მესამე ადგილს აქ ერთი ქვეყნის გამოყოფა რთულია, რადგანაც საკმაოდ აქტიურად იგზავნება ამანათები გერმანიიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან და აშშ-დან. გეტყვით, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში აშშ-დან პერსონალური ამანათების მოცულობა საკმაოდაა გაზრდილი. 

ჩვენ გარდა იმისა, რომ ვიღებთ ამანათებს, საქართველოდან ევროპის მიმართულებით ხდება ამანათების გაგზავნა და იმ ქართველი ემიგრანტები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, ჩვენი სერვისის მეშვეობით აქვთ საშუალება, რომ ოჯახის წევრების მიერ გაგზავნილი სხვადასხვა ნივთები, თუ საკვები პროდუქტები მიიღონ. გეტყვით, რომ საქართველოდან პერსონალური ამანათები საკმაოდ დატვირთულია“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.

Inex Group-მა რამდენიმე თვეა, რაც შიდა გადაზიდვების ბაზარზეც შევიდა და დღეისათვის გადაზიდვების ამ სეგმენტში მთელს საქართველოს ფარავს.

„ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში გვაქვს ჩვენი ოფისი ან გაცემის პუნქტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღონ ამანათები ან გამოაგზავნონ. ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესო და მომხიბვლელი პირობები გვაქვს და ზრდას საკმაოდ შთამბეჭდავია. 

გაგვაჩნია ასევე ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საკურიერო სერვისი და ჩვენმა მომხმარებელმა ეს იქნება საერთაშორისო, თუ შიდა გზავნილებზე შეუძლია აირჩიოს ოფისიდან სურს გატანა, თუ მისამართზე. შესაბამისად ტარიფები განსხვავდება“, - ამბობს Inex Group-ის გენერალური დირექტორი. 

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს Inex Group-ი მუშაობს როგორც ევროპაში ექსპორტის კუთხით, ისე ევროპიდან იმპორტის მიმართულებაზე.

„ევროპა არის ძირითადი, თუმცა ჩინეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოგვაქვს ტვირთები. ჩვენ გვყავს ჩვენ სატვირთო ავტომობილები. გაქვს როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გადაზიდვები“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილებით Inex Group-ი დღეს მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რაც მის კონკურენტულ უპირატესობადაც ითვლება. 

„Inex Group-ი მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე, ახალი სერვისების შეთავაზებაზე და არსებული სერვისების დახვეწაზე და გაუმჯობესებაზე. მომხმარებელს გარკვეულ სიახლეებს მუდმივად ვთავაზობთ. ყოველწლიურად თითქმის რამდენიმე სიახლე გაქვს. საუბარია ისეთ სიახლეებზე, რომელსაც ქართველი მომხმარებელი ითხოვს და მნიშვნელოვანია მათთვის. თუმცა, ჩვენს მომხმარებელს კიდევ არაერთ სიურპრიზს ვპირდებით, რადგანაც ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები გვაქვს. 

რაც შეეხება უპირატესობას არის ის, რომ Inex Group-ი არის სერვისზე და ზრდაზე ორიენტირებული. ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელიც სრულყოფილად ფარავს მთელს ქვეყანას. ამანათები ჩაგვაქვს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში. გვყავს ჩვენი საკუთარი ავტოტრანსპორტი და გვაქვს საკუთარი საბაჟო ტერმინალი“, - აცხადებს Inex Group-ის გენერალური დირექტორი.

 Inex Group-ი 2010 წელს დაარსდა და დღეისათვის თანამშრომლობს პარტნიორ კომპანიებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთში, იტალიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

 Inex Group-ი აგენტების ქსელის მეშვეობით სრულად ფარავს საბერძნეთისა და საქართველოს მთელ ტერიტორიას. კომპანია ასევე თანამშრომლობს აგენტებთან ისრაელში საფრანგეთში, ავსტრიაში, ესპანეთში, იტალიასა და გერმანიაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემებით  ევროპიდან, ჩინეთიდან და ამერიკიდან  Inex Group-ი ყოველთვიურად იღებს 120 ტონა ტვირთს (17 000 ამანათი).

 Inex Group-ი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლები საკუთარ გზავნილებს საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონულ ცენტრში დამატებითი გადასახადის გარეშე იღებენ. კომპანიის მაღალკვალიფიციური პერსონალი კი უზრუნველყოფს მარტივ საბაჟო პროცედურებს და კლიენტებისათვის ამანათების მიწოდებას მაქსიმალურად მოკლე ვადაში.

 Inex Group-ის თანამშრომლები მომხმარებელს უწევენ სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციას, რათა შეუფერხებლად გამოიწერონ სასურველი ნივთები მსოფლიოს ონლაინ მაღაზიებიდან და შეუფერხებლად მიიღონ ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები