დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ბათუმის უძრავი ქონების დინამიკა და რატომ შემცირდა გაყიდვები - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

როგორია ბათუმის უძრავი ქონების დინამიკა და რატომ შემცირდა გაყიდვები - Galt & Taggart-ის მიმოხილვა

22-08-2024 18:00:00

2024 წლის II კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 3,670 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 6.7%-იანი კლებაა. Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (- 3.3% და -11.0% წ/წ, შესაბამისად). გაყიდვები შემცირდა ბათუმის ყველა რაიონში ახალი ბულვარის გარდა (+4.9% წ/წ).

„ჯამურად ბათუმში 2024 წლის პირველ ნახევარში 7,041 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 15.1%-იანი შემცირებაა წინა წლის პირველი ნახევრის მაღალი ბაზის ფონზე. ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი სენსიტიურია მიგრანტების ეტაპობრივი გადინებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიმართ, რაც უცხოელი მყიდველების საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე ნეგატიურად მოქმედებს.

ბათუმში პირველად ბაზარზე საშუალო ფასმა განაგრძო ზრდა და კვარტალურად 2.2%-ით გაიზარდა, რამაც სავარაუდოა რომ, ნაწილობრივ განაპირობა კიდეც შესუსტებული მოთხოვნა. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ბაზარზეც (+2.7% კვ/კვ და +7.7% კვ/კვ, ახალი და ძველი ბინებისთვის, შესაბამისად), წინა თვეებში მცირედი შემცირების შემდეგ“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

2024 წლის II კვარტალში ბათუმში სულ 229.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.1%-იანი შემცირებაა და გაყიდვების კლებას ასახავს. ასევე, ბათუმში გაიზარდა იჯარის ფასებიც, რაც სეზონურობით და ტურისტების შემოსვლით იყო გამოწვეული.

„ბათუმში მიწის მწირი რესურსების ფონზე, უძრავი ქონების დეველოპმენტის არეალი თავდაპირველად ქალაქის მიმდებარე რაიონებში, გონიო-კვარიათსა და მახინჯაურში (19 და 20 მიმდინარე პროექტი, შესაბამისად) გაფართოვდა. ამჟამად ახალი მშენებლობების არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა აჭარის სანაპირო ზოლის გასწვრივ და მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა ჩაქვი, ციხისძირი, ქობულეთი და შეკვეთილი (ჯამში 29 მიმდინარე პროექტი).

2024 წლის II კვარტალში ქობულეთის პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილი ფასი $1,221/მ2 -ს გაუტოლდა (+11.0% წ/წ), რაც პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდითაა გამოწვეული. ასევე 2024 წლის II კვარტალში, უძრავი ქონების ბაზრის ზომა ქობულეთში წლიურად 11.5%-ით შემცირდა და 10.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაღალი ბაზის ეფექტითაა განპირობებული“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები