re:school გალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპეციალურ პროექტს ახორციელებს და მიმდინარე ეტაპისთვის გალში მცხოვრებ 15 ახალგაზრდას პროგრამირებას დისტანციურად, უსასყიდლოდ, ასწავლის.
როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, აგვისტოში კურსის დასრულების შემდეგ re:school-ი წარმატებულ ახალგაზრდებს დასაქმებაშიც დაეხმარება.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროექტის Build Georgia-სა და re:school-ის თანამშრომლობის ფარგლებში დავიწყეთ გალში მცხოვრები 15 ახალგაზრდის გადამზადება პროგრამირებაში.
ეს პროექტი მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებთან ნდობის აღდგენის კუთხით და ამ პროექტს ანალოგი არც აქვს, რომ ციფრული ტექნოლოგიები ვასწავლოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს. ჩავუშვით ეს პროექტი 2 თვის წინ და აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
გალში მცხოვრები ახალგაზრდები სამ თვიან გადამზადების ინტენსიურ კურსს გაივლიან და სტუდენტები, რომლებიც წარმატებულად გაივლიან კურსს, კვირაში 6 საათის განმავლობაში სწავლობენ დისტანციურად რა თქმა უნდა, რომლებიც სრულყოფილად გაივლიან მოდულს და სურვილი ექნებათ, დასაქმებაშიც დავეხმარებით ჩვენს სტარტაპებსა თუ ჩვენს მეგობარ კომპანიებში.
დასაქმებაც იქნება ონლაინ, რადგანაც არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ისინი გალში ცხოვრობენ, იქ ჰყავთ ოჯახები და იქ არიან. და თუ ვიღაცას გადმოცხოვრებას მოახერხებს აქ ეგეც განიხილება, თუ არადა დისტანციურად შეიძლება მათი პროექტები ჩართვა“, - აცხადებს სალომე მგელაძე.
მისივე თქმით, re:school-ს სურვილი აქვს, რომ ამ პროექტი უფრო მასშტაბური გახადოს, მაგრამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სირთულეებია და ამ ახალგაზრდებთან ხაზზე გასვლა მარტივი არ არის.
„ჩვენ მათ არც სახელებსა და გვარებს არ ვამბობთ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში არის დავით ესათია. მე და დავითი ამ Build Georgia-ს პროექტში ერთად ვართ და ის მომეხმარა, რომ ამ ახალგაზრდებთან ხაზზე გავსულიყავი და შემდგარიყო ეს პროექტი. დავითი თავად გალიდანაა და ინტენსიურად მუშაობს გალში მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერების მიმართულებით. დავით ესათია იყო ის შუა რგოლი, რომელმაც re:school-ი გალელ ახალგაზრდებთან დააკავშირა“, - ამბობს სალომე მგელაძე.
უახლესი