სვანეთში მდებარე ტურისტული კომპლექსი „ჰეშკილის ქოხები“ ზაფხულის დატვირთულობით კმაყოფილი არ არის, თუმცა როგორც Business Insider Georgia-სთან „ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელმა, დავით ფილფანმა განაცხადა რეგიონში ტურისტებისა და ზოგადად დატვირთულობის მხრივ აგვისტო შედარებით გამორჩეული იყო.
„წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი შარშანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონს ნამდვილად არ ჯობდა, რეგიონში გაცილებით ნაკლები ტურისტი იყო. თუ აგვისტოს თვეს არ ჩავთვლით სხვა თვეებში პრაქტიკულად მუშაობა არ იყო. რაც შეეხება აგვისტოს რეგიონში დიდი ტრაფიკი იყო და ჩვენთანაც შესაბამისად“, - აღნიშნა დავით ფილფანმა.
სასტუმროს დამფუძნებლის თქმით, სტუმრების 50%-ი უცხოელები, ხოლო 50% ადგილობრივები იყვნენ. უცხოელებიდან კი ძირითადად გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები ლიდერობდნენ.
დავით ფილფანის თქმით, სვანეთში სეზონი ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, თუმცა უკვე სექტემბერში სასტუმრო კომპლექსს ჯავშნები აღარ აქვს. ფილფანი რეგიონში ტურისტების სიმცირეს რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.
„ეს ალბათ განაპირობა იმან, რომ ჯერ აქციები იყო. ჩვენ პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ და უცხოელების დიდ ნაწილს ეგონა, რომ აქ ომი იყო. შემდგომ იყო ევროპის ჩემპიონატი, რამაც ბევრი ადამიანი გაიწოვა გერმანიაში და აქ აღარ ჩამოვიდა. შემდეგ კი იყო ოლიმპიადა. ალბათ ამ ფაქტორებმა შეუშალა ხელი რეგიონში ტურისტების შემოსვლას.
სექტორი თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მზად იყოს. სასურველი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან მეტი ავიარეისების დამატება და ასევე კეთილმოწყობილი გზები, რომ ტურისტმა მარტივად შეძლოს სვანეთში მოხვედრა და ასევე რეგიონისთვის ცოტა მეტი პიარია გასაკეთებელი“, - აცხადებს „ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დავით ფილფანის თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურა გამართულია, უბრალოდ რეგიონში გზების კეთილმოწყობის პრობლემა არსებობს, რაც თავის მხრივ მკაცრ ამინდსაც უკავშირდება.
„სვანეთში მთავარია ბუნება და ხედები და რაც შეეხება ინფრასტრუქტურას დაწყებული გესტ ჰაუსებიდან სასტუმროებით დასრულებული კარგად არის მოწყობილი. თუ გზას არ ჩავთვლით, რომელიც ლამის ყოველდღიურად რემონტდება, მაგრამ მაინც საკმარისი არ არის, მით უმეტეს მკაცრი ზამთრის მერე.
ზამთარში კურორტი მუშაობს, 2 საბაგიროა ჩართული. უბრალოდ ადგილზე მოსასვლელად ტრანსპორტი ჭირს. ზამთარში ძალიან რთულია ფრენა, რადგან ამინდზეა დამოკიდებული და გზა კი ზამთარში თოვლიანია და ძალიან რთულია მისი გავლა“, - ამბობს ფილფანი
„ჰეშკილის ქოხების“ დამფუძნებლის თქმით, მესტიის მიმართულებით ფრენებზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა ფრენები ამინდის გაუარესების გამო ზამთარში ხშირად ვერ სრულდება და კარგი იქნებოდა, თუ აღნიშნულ მიმართულებაზე სხვა ტიპის საჰაერო ხომალდები მოახდენენ ოპერირებას.
„40 წუთი სჭირდება ფრენას და 9 საათი სჭირდება ავტოტრანსპორტს და განსხვავება ფასში მხოლოდ 40 ლარია. ცხადია ნებისმიერი ადამიანია აირევდა ფრენას, თუმცა ესეც ამინდზეა დამოკიდებული. რომ იყოს ისეთი ლაინერი, რომელიც ამინდის მიუხედავად შეასრულებდა რეისებს მესტიაში, რაც ტრაფიკს გაცილებით გაზრდიდა“. - აღნიშნა დავით ფილფანმა.
უახლესი