Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე 2010 წლიდან ოპერირებს და 250 - მდე ადამიანს ასაქმებს, საიდანაც 90% ადგილობრივია. როგორ მუშაობს ბალნეოლოგიური კურორტი ზაფხულში, მაღალ ტურისტულ სეზონზე და რა სიახლეებს სთავაზობს ვიზიტორებს, ამ და სხვა თემებზე Business Insider Georgia Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმეს შემოსავლების მენეჯერს ირაკლი ჭიღლაძეს ესაუბრა:
რა სიახლეებით შეხვდა Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე 2024 წლის მაღალ ტურისტულ სეზონს?
გარდა იმისა, რომ კურორტი უნიკალურია მინერალური წყლების რესურსით, რეზორტი დახუნძლულია სერვისებისა და აქტივობების მრავალფეროვნებით, საირმის სპა ცენტრი, სადაც 80-მდე პროცედურა ტარდება თერმული წყლით, ღია და დახურული თერმული აუზები, რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის რესტორანი, პარკის აქტივობები, ველო სერვისი, ზიპლაინი, ცხენებით გასეირნება, კომპაკ სპორტინგი და ჯიპ ტური - საირმის ალპურ ზონაში.
2024 წელს სპეციალური შეთავაზება დავაორგანიზეთ მათთვის, ვისაც კურორტი საირმის რესურსი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სჭირდება. დამსვენებელი, რომელიც კურორტზე ექიმის სარეკომენდაციო წერილს წარადგენს რომ კურორტი საირმის წყლების სარეაბილიტაციო ან საპროფილაქტიკო კურსი ენიშნება, ისარგებლებს სპეციალური -20% იანი ფასდაკლებით განთავსებაზე, სამჯერადი კვებით.
წყლების სამკურნალო თვისებები ეხმარება ორგანიზმს სასიცოცხლოო ფუნქციების გაუმჯობესებასა და აღდგენაში.
საკურორტო პოლიკლინიკაში ექიმის პირველადი კონსულტაცია უფასოა. ანამნეზის საფუძველზე უშუალოდ წყლების მიღების კომბინაცია და რაოდენობა ყველა დამსვენებლისათვის ინდივიდუალურად გაიწერება.
ევროპაში ყველაზე დიდი ბალნეოლოგიური კურორტი თავისი რესურსით მზადაა იზრუნოს სტუმრების ჯანმრთელობასა და გაჯანსაღებაზე, მათ მკურნალ ექიმებთან ერთად. ამასთანავე, დავიწყეთ სხვადასხვა ფექიჯების დაორგანიზება, რომელიც ნებისმიერ დამსვენებელს საშუალებას მისცემს დასვენება და გაჯანსაღება უფრო ორგანიზებული გახადოს.
პირველი გამაჯანსაღებელი კურსი, რომელიც უკვე ჩაშვებულია მენეჯერის სინდრომია, ნეიროცირკულარული დისტონია, მისი სიმპტომები და მახასიათებლები 21 -ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა. სპეციალური კურსი 2 კატეგორიისა, 3 და 7 დღიანი პროცედურების განრიგით, საირმის სპა ცენტრში. ეტაპობრივად სამკურნალო სარეაბილიტაციო კურსებს კიდევ შევთავაზებთ მომხმარებლებს, რომლებიც სხვადასხვა პროფილის ჩივილებს დაფარავს.
როგორია კურორტის დატვირთულობა აგვისტოში?
კურორტი საირმისათვის აგვისტო მაღალი სეზონის პერიოდს მიეკუთვნება და დაახლოებით 95% იანი დატვირთულობით დავასრულებთ თვეს. თუმცა, რეალურად დაინტერესება ბევრად მაღალი იყო და მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდა. შესაბამისად შემდეგი სეზონისათვის მოვუწოდებთ ჩვენს დამსვენებლებს, წინასწარ დააორგანიზონ ჯავშნები მათთვის სასურველ პერიოდზე.
როგორია ტურისტული ნაკადების პროცენტული გადანაწილება - საქართველოს მოქალაქეები და უცხოელი ვიზიტორები?
2024 წელს ქართველ დამსვენებელზე გავაკეთეთ მაქსიმალური კონცენტრირება და შესაბამისად დღეის მონაცემით მათი წილი 61%ია.
საერთაშორისო ბაზრებიდან შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს ყაზახეთს, ბალტიის ქვეყნებს, საუდის არაბეთს, უზბეკეთს.
რამდენად აქტიურია ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრები პირდაპირი ფრენების ამოქმედების შემდეგ? რა წილი აქვთ ვიზიტებში ტურისტებს ევროპის ქვეყნებიდან?
ჩინეთიდან და ინდოეთიდან მოთხოვნები გვაქვს, თუმცა შედარებით გვიან გამოჩნდა ეს ბაზრები ჩვენი რეალობისათვის, შესაბამისად ოთახ ფონდმა არ მოგვცა საშუალება დაგვედასტურებინა მათი ჯავშნები. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ჩვენს გუნდს ორივე ქვეყანაში ჰქონდა საშუალება გაეცნო საირმე პოტენციური პარტნიორებისათვის, დარწმუნებულები ვართ რომ ამ ბაზრებიდან ინტერესი მზარდი იქნება. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ამ შემთხვევაში ძირითადად ინდივიდუალური ჯავშნებით აქტიურობენ და დაახლოებით სრული დატვირთულობიდან 16% იანი წილი უჭირავთ.
რა არის Sairme Hotels & Resorts / კურორტი საირმე კონკურენტული უპირატესობა როგორ ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზრებზე?
საირმის საბადოს უნიკალურობას სამკურნალო წყლების მრავალფეროვანი შემადგენლობა და ეფექტურობა განაპირობებს, რასაც ემატება განსაკუთრებული კლიმატის მახასიათებლები, ჟანგბადის და ოზონის გაჯერების მაღალი კონცენტრაციით.
კურორტი ევროპის სპა (ESPA) ასოციაციამ ოფიციალურად აღიარა ინოვაციურ სპა ცენტრად ოცი ევროპული ქვეყნის ასამდე სპას შორის. საირმე ერთადერთია ევროპაში სადაც ამოედინება როგორც სასმელი სამკურნალო ისე თერმული წყლები.
რეზორტი ადაპტირებულია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის ადამიანებზე. აქ შესაძლებელია დაეშვა საირმის მთებიდან საირმის პარკში ამიერ კავკასიაში ყველაზე გრძელი ზიპლაინით. დაკავდე კომპაკ სპორტინგით, გაისეირნო ცხენებით, ველოსიპედებით, აღმოაჩინო საირმის ალპური ზონა ჯიპ ტურით და საღამოს ლობი ბარში დატკბე ცოცხალი მუსიკის საღამოებით. ადგილზე ყველა მომსახურებასა თუ სერვისს ვაორგანიზებთ ისე, რომ დასვენება და გაჯანსაღება იდეალურად იყოს ერთმანეთთან შერწყმული.
რამდენი ოთახია სასტუმროში? როგორია ფასები 1 პერსონაზე და რა შედის სერვისში?
სასტუმრო აერთიანებს 152 ნომერს, 390 პერსონის განთავსებაა ერთდროულად კურორტზე შესაძლებელი. მიმდინარე პერიოდში ორადგილიანი ნომრის ღირებულება სამჯერადი კვებით 390 ლარიდან იწყება, ღირებულებაში შედის ექიმის პირველადი კონსულტაცია საკურორტო პოლიკლინიკაში, საირმის სასმელი წყლებით სარგებლობა და შიდა ტრანსპორტის მომსახურება.
რომ შევადაროთ 2024 წლის 6 თვის მაჩვენებელი 2023 წლის 6 თვის მაჩვენებელს, არის თუ არა ზრდა ვიზიტორებისა და შემოსავლების შემთხვევაში და რა პროცენტით?
ვიზიტორების თვალსაზრისით მცირეა ზრდა, რადგან გასულ წელსაც კურორტი მაღალი დატვირთულობით გამოირჩეოდა. ზრდა გვაქვს შემოსავლის ხაზით, რადგან გაგვეზარდა განთავსების საშუალო ფასი.
უახლესი