რა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოში შესაძლებელი გახდეს უფრო მეტი ინვესტიცის მოზიდვა? ამ საკითხზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელ გიორგი აბაშიშვილთან, ამერიკული IT კომპანიის Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ციკოლიამ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში ისაუბრა.
„რთული კითხვაა. ალბათ ამის ერთი ელექსირი არ არსებობს და ჩემი 10 წლიანი გამოცდილებით, ამ ინდუსტრიაში იყო პერიოდი, როცა ვთვლიდით, რომ საგადასახადო სისტემა მთავარია და რამდენადაც ლიბერალური არ უნდა იყოს საგადასახადო სისტემა, მოჰყვება ბევრი ინვესტიცია.
შესაბამისად, აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ბევრი სხვა რამ არის საჭირო და გასაკეთებელი. კომპანიები ბევრ სხვა რამეს აფასებენ.
ყოველთვის ვიცოდით, რომ საქართველოს შიდა ბაზარი არ არის იმდენად დიდი, რომ საერთაშორისო მსხვილი კომპანიებისთვის იყოს მიმზიდველი, თუმცა ამავდროულად ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მსყიდველობითი უნარი როგორც კი იზრდება, უფრო საინტერესოც ხდება სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის საქართველო, რომლებიც შიდა ბაზარს უყურებენ და აფასებენ“, - განაცხადა ციკოლიამ.
მისი თქმით, რეალურია, რომ საქართველოში მსხვილი ინვესტორები გამოჩდნენ.
„მგონია, რომ ჩვენ ერთი კარგი მაგალითი გვჭირდება იმისათვის, რომ მოხდეს ტრანსფორმაცია. რომელიმე ინდუსტრიაში შემოვიდეს მონსტრი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ძირეულ ცვლილებას მოიტანს, რაც ასევე გამოიწვევს სხვა დანარჩენ ქვეინდუსტრიების ტრანსფორმაციას.
მაქვს შეგრძნება, რომ ახლოს ვართ რეალობასთან, როცა მსგავსი საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ასე შეაფასებენ და შეხედავენ. ასევე არის მეორე, პარალელური პროცესი, განვაგრძოთ სწრაფი განვითარება, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ განათლებას, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული საერთაშორისო პროექტებში, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ საქართველოს იმიჯი გავზარდოთ მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ქვეყნის, სადაც ბიზნესის კეთება არამარტო მარტივია, არამედ არის სანდო. ეს იმიჯი, რომ შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავზარდოთ და მგონია რომ ერთობლიობაში ეს საუბარი სხვა სურათის ფონზე გვექნება“,-განაცხადა ციკოლიამ.
უახლესი