დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გადაწყვეტილებას  მიიღებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე - ნათია თურნავას განმარტება

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე - ნათია თურნავას განმარტება

26-07-2024 11:00:00

ფინანსური სტაბილურობა ნომერ პირველი პრიორიტეტია, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, რომელიც დღეს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.

ნათია თურნავას თქმით, დღევანდელი მონაცემებით მიჩნეულია, რომ ნეიტრალური განაკვეთი იქნებოდა 7%-ი და რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი 8%-დან 7%-მდე ჩამოსვლას, საშუალო ვადიან პერიოდში ეტაპობრივად მოახდენს.

„თავის დროზე, როდესაც კოვიდპანდემიის ფონზე ინფლაცია იყო მაღალი, მთლიანად მსოფლიოში, რეგიონსა და საქართველოში, მაშინ სებ-მა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ასწია რეფინანსირების განაკვეთი. რაც იყო ერთადერთი სწორი გზა იმისთვის, რომ ინფლაციის მოთოკვა მომხდარიყო. ამ ნაწილში დაასწრო ბევრ სხვა ქვეყანას, რაც სწორი და დროული იყო. ასევე სხვა ქვეყნებთან შედარებით შევძელით, რომ დაგვეწყო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რომელიც აისახება ლარში გაცემული სესხების განაკვეთზე, მათი საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიმართულებით. არის ცვლადგანაკვეთიანი სესხები, რომლებზეც მყისიერად აისახება და აიაფებს ამ სესხებს, მაგრამ მთლიანობაში ლარის რესურსი ამასთან მიმართებით უფრო ხელმისაწვდომი ხდება, უფრო დაბალპროცენტიანი და ბანკებიც ლარში უფრო დაბალპროცენტიან სესხებს გასცემენ.

თუმცა ეს არ უნდა გაკეთდეს მყისიერად, იმიტომ, რომ საფინანსო სექტორი სავალუტო ბაზარი, ეკონომიკა ვერ იტანს მყისიერს ჩარევებს. გადაწყვეტილება უნდა იყოს ლოგიკური. ძალიან ვაკვირდებით თითოეულ შემთხვევაში როდესაც ვიკრიბებით და ვმსჯელობთ შემდგომ ტრაექტორიაზე, რეფინანსირების განაკვეთის როგორი წინაპირობებია, როგორი საშუალო ვადიანი მოლოდინებია ბაზარზე, იმიტომ, რომ ფინანსური მოქმედებით არ შევარყიოთ ფინანსური სტაბილურობა, რომელიც მიღწეულია.

აქედან გამომდინარე ვიჩენთ სიფრთხილეს. პიკში იყო 11%-ი, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი განაკვეთი იყო. თუმცა 12 თვის წინ ჩვენი მისი ეტაპობრივი დაკლება დავიწყეთ, მივდიოდით 0,5%-ით, ხან 0,25%-ით, იყო მომენტი როდესაც 0.75%-ითაც კი ჩავთვალეთ, რომ შესაძლებელი იყო შემცირება. ახლა რეფინანსირების განაკვეთი არის 8%-ზე. დღევანდელი მონაცემებით ჩვენთვის მიჩნეულია, რომ ნეიტრალური, ანუ ნორმალური განაკვეთი იქნებოდა 7%-ი. 8%-დან 7%-მდე ეტაპობრივად ვივლით, საშუალო ვადიან პერიოდში“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც ცნობილია, 30 ივლისს სებ-ში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული. როგორც ნათიამ თურნავამ თქვა, ჯერჯერობით არ იცის რა გადაწყვეტილება იქნება კომიტეტზე მიღებული.

„რამდენიმე დღეში გაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა. რა თქმა უნდა წინასწარ არ შემიძლია ვთქვა რა გადაწყვეტილება იქნება და არც ვიცი რა გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ, რომ მერწმუნეთ ამ კომიტეტზე საკმაოდ ცხარე დისკუსიები გვაქვს, ვითვალისწინებთ ყველა მონაცემს.

პრიორიტეტი ამჟამად ჩვენთვის არის ასეთი კეთილსაიმედო სტატუს-კვოს შენარჩუნება. ფინანსური სტაბილურობა, რომ ნომერ პირველი პრიორიტეტია, განსაკუთრებით იმ რყევის ეპიზოდის შემდეგ, რომელიც შეეხებოდა ლარის კურსს და სავალუტო ბაზარს. ჩვენ მოვახერხეთ და დავასტაბილურეთ მოკლე ვადებში, თუმცა მაკროეკონომიკური ფაქტორებიც გვიწყობდა ხელს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არ გაგრძელდებოდა ხანგრძლივად, ეს არის დროებითი აჟიოტაჟი და ჩაცხრება. მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს სტატუს-კვო. აქედან გამომდინარე ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ საშუალო ვადიან პერიოდში კვლავ გავაგრძელებთ განაკვეთის შემცირებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები