დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტოების გავლენით შეარბილა სებ-მა მონეტარული პოლიტიკა - ISET - ის მთავარი ეკონომისტის შეფასება

რა ფაქტოების გავლენით შეარბილა სებ-მა მონეტარული პოლიტიკა - ISET - ის მთავარი ეკონომისტის შეფასება

15-09-2023 18:00:44

მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ავტომატურად ნიშნავს გარკვეული პერიოდის შემდგომ დაკრედიტების გაიაფებას, რაც ზრდის ფინანსებზე წვდომას და უფრო მომგებიანს ხდის იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც მანამდე შეფერხდა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ISET -ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ეკონომისტმა დავით კეშელავამ განუცხადა.

„ახლა ნელი ტემპით 0,25%-ით ხდება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება, ეს გავლენა კუმულაციურად დიდი ვერ იქნება, მაგრამ საბოლოოდ ეს დადებითად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ახლა ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მაღალი გვაქვს და ცენტრალურ ბანკს აქვს ფუფუნება, რომ კონსერვატორული პოლიტიკა გაატაროს“, - ამბობს კეშელავა.

როგორც ISET -ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი ამბობს, თუ როგორი იქნება სებ-ის მონეტარული პოლიტიკა მომავალში, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

გარე ფაქტორები:

„ვხედავთ, რომ რამდენიმე თვეა ინფლაციის მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად დაბალი მიზნობრივ მაჩვენებელზე და 0-ს მიუახლოვდა. რაც ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ ის საგარეო ფაქტორები, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ წინა წლების განმავლობაში, გარკვეულწილად დარეგულირდა, დასტაბილურდა და ამ შოკების ერთჯერადი ძლიერი გავლენა ამოიწურა. მსოფლიოში მიწოდების ჯაჭვები შედარებით მოწესრიგდა. მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ კიდევ აფერხებს მიწოდების ხაზებს, ტრანზიტული გზები მოინახა და ქვეყნებში პროდუქტების შეტანა ისე გართულებული აღარაა, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში იყო.

უკვე თვალსაჩინოა, რომ მსოფლიოში რიგ პროდუქტებზე ფასები დაბალია და ზოგ შემთხვევაში დეფლაციაც კი ფიქსირდება. ასევე ჯერ-ჯერობით სტაბილურია საწვავის ფასებიც და ეს ყველაფერი ერთობლივად განაპირობებს იმას, რომ ცვლილებების შოკები, რომლებიც აქამდე მაღალი ინფლაციის კუთხით ახდენდა გავლენას უკვე აღარ არის და ამიტომ წინა წელს გაზრდილ ფასებთან შედარებით, ინფლაცია წლიურ მაჩვენებელში 0-თან ახლოსაა.

ჩვენ რომ გამოვრიცხოთ ცვალებადი მაჩვენებლები და დავაკვირდეთ საბაზო ინფლაციას, ეს მაჩვენებელიც 3%-ზე ნაკლებია. ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ ახლანდელ პირობებში თუ არაფერი არ შეიცვალა მსოფლიოში, ფასები დარეგულირების მხარეს მიდის და საქართველოს შემთხვევაში უფრო მეტი რისკები უფრო დეფლაციისკენაა, ვიდრე ინფლაციისკენ. თუმცა, მნიშვნელოვანი რისკების გამომწვევია რუსეთ-უკრაინის ომი და ჯერ კიდევ რთულია პროგნოზირება, ამ ფაქტორის გავლენით როგორ განვითარდება მოვლენები მსოფლიოში“, - ამბობს კეშელავა.

მისივე თქმით, გამომდინარე რისკებიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომებზე სიფრთხილეს იჩენს. არბილებს მონეტარულ პოლიტიკას, მაგრამ ამას ეტაპობრივად აკეთებს, განაკვეთის მცირე დოზებით შემცირებით, რადგან თუ ეს რისკები მატერიალიზდა, უახლოეს მომავალში ამან შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ინფლაციის მაჩვენებელზე.

შიდა ფაქტორები:

ISET -ის კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი საუბრობს ლარის ფაქტორზე და ამბობს, რომ სტაბილურ კურსს მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე, რამაც გარკვეულწილადეროვნული ბანკის გადაწყვეტილება განაპირობა.

„ძალიან თვალსაჩინო იყო მთელი წლის განმავლობაში, რომ ლარი იყო მყარი. ეროვნული ვალუტა მნიშვნელოვნად მყარდებოდა წლის პირველ ნახევარში და ეს ძირითადად განპირობებული იყო რუსეთიდან მიგრანტების შემოსვლითა და ვაჭრობის დადებითი დინამიკით. ლარის გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების კუთხით მოქმედებს. ჩვენ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და მყარი ლარი იმას მოასწავებს, რომ ჩვენს ვალუტაში ფასები ამის გამო უფრო მცირეა.

ამას ემატება ისიც, რომ წინა კვარტალში აშკარად იგრძნობოდა, რომ ინფლაციის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა გაზრდილ მოთხოვნას, რაც მიგრანტების შემოსვლასთანაა პირდაპირ კავშირში. ქვეყანაში შემოვიდა ათობით ათასი რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქე, რომლებიც დამატებით მოთხოვნას ქმნიან საქონელსა და მომსახურებაზე. შესაბამისად გაზრდილი მოთხოვნა აისახა ფასებზე. რადგან ეს ადამიანები ქვეყანაში დარჩნენ და მოთხოვნა იგივე დარჩა, მოსალოდნელი იყო, რომ ეს ერთჯერადი გავლენის ეფექტი ფასებზე ამოიწურებოდა“, - ამბობს კეშელავა.

მისი თქმით, მოთხოვნის ზრდის წნეხი ინფლაციაზე თანდათან შემცირდა.

„დაახლოებით იგივე ვითარებაა ახლაც. წნეხი, რომელიც მოდიოდა მოთხოვნის მხრიდან, ისეთი ძლიერი აღარ არის, რაც საბოლოო ჯამში ამით არის განპირობებული, რომ ერთჯერადი ფაქტორების გამოწვევამ და მსოფლიოში ვითარების მეტ-ნაკლებად დასტაბილურებამ გამოიწვია ის, რომ ინფლაცია ბევრად დაბალია ვიდრე მიზნობრივი მაჩვენებელი და 0-თან ახლოსაა.

თუ ის ტენდენციები შენარჩუნდება, რაც ახლა არის, შესაძლოა, უფრო დიდი ტემპით შეამციროს სებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. თუ ვითარება არ შეიცვალა, მაშინ სებ-ი კონსერვატორულ მიდგომებს შეინარჩუნებს და ნელი ტემპით შეამცირებს განაკვეთს“, -ამბობს კეშელავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები