დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყავის ფასი ისევ იზრდება

ყავის ფასი ისევ იზრდება

11-07-2024 09:00:00

იტალიური ყავის ჯგუფის Lavazza-ს თავმჯდომარე ჯუზეპე ლავაცა ამბობს, რომ ყავის ფასის ზრდა მინიმუმ მომავალ წლამდე გაგრძელდება. ამის შესახებ Financial Times წერს. 

ყავის გაძვირების მიზეზად გამოცემა კლიმატის ცვლილებას, მიწოდების დეფიციტს და ევროკავშირის ახალ რეგულაციებს ასახელებს, რომელიც ყავის მწარმოებლებს ხარჯებს უზრდის.

"ყავის ფასები არ დაეცემა და დარჩება მაღალ ნიშნულზე. ყავის მიწოდების ქსელი დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება", - განმარტავს ჯუზეპე ლავაცა.

ყავის მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ გაზარდონ ფასები და შეამცირონ მოგება ნედლეულის მზარდი ხარჯების გამო, თქვა Lavazza-ს ხელმძღვანელმა და მიზეზად კლიმატის ცვლილების გამო მიწოდების შემცირება დაასახელა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Lavazza-მ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების თაროებზე ყავის ღირებულება 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.

როგორც Trading Economics-ი იტყობინება ყავის ღირებულების ზრდა, სხვა საკითხებთან ერთად, განპირობებულია ვიეტნამიდან მიწოდების შემცირებით, რაც თავის მხრივ არახელსაყრელი ამინდით აიხსნება.

იმავდროულად, The Guardian იტყობინება, რომ მოსავლის პირობების გაუარესებამ მთავარ მწარმოებელ რეგიონებში - ბრაზილია, ვიეტნამი და კოლუმბია, და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული მიწოდების შეფერხებამ ინფლაციური ზეწოლა გამოიწვია, რის გამოც ფასებმა 15 წლის მაქსიმუმს მიაღწია.

The Guardian აღნიშნავს, რომ მომავალი წლის შუა რიცხვებამდე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყავის ფასმა დაიკლოს.

”ჩვენ არასდროს გვინახავს ფასების ისეთი ზრდა, როგორც ახლა გვაქვს”, - განმარტავს ჯუზეპე ლავაცა.

მან აღიარა, რომ შეცდა, როცა გასულ წელს განაცხადა, რომ ყავის ფასი შესაძლოა, 2024 წელს დაცემულიყო. გამოცემა წერს, რომ 8 ივლისს ტონა ყავაზე ფასებმა 4300 დოლარს მიაღწია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით 10 ივლისს სექტემბრის ფიუჩერსების ფასმა $4568 შეადგინა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები