დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს

პლენარულ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს

13-06-2023 16:22:44

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე აცნობს.

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

საკომიტეტო განხილვის შემდეგ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავიდა. 

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება.

ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

კანონპროექტი პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.

„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის შეფასებითაც, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების რეალური საჭიროება არ არსებობდა.

გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა 2 მარტს ამოეწურა და ამ დრომდე  უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი.

ეროვნული ბანკის საბჭო საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

საბჭოში 8 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია, შესაბამისად, ამ თანამდებობას კობა გვენეტაძე იკავებდა, ახლა კი ვაკანტურია.

საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ 4 წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები