საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე Business Insider Georgia-თან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დაფიქსირებულ პირველ გარიგებას აფასებს.
„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის პირველ ივლისს გაიხსნა. როგორც არსებობდა შეთანხმება, ეს იყო ნებაყოფლობითი. ფაქტია, რომ ამ წამის მდგომარეობით, უკვე 13 მონაწილეა დარეგისტრირებული და 2024 წლის 23 ივლისს შედგა პირველი გარიგება. ფასი გახლავთ 12,6 თეთრი. თავიდან როდესაც ბირჟის მონაწილეები გამოჩნდნენ, დაახლოებით 12 თეთრი იყო გასაყიდი ფასი, ხოლო შესასყიდი 14 თეთრი.
ჩვენ მაშინვე განვაცხადეთ, რომ დროთა განმავლობაში ნელ-ნელა დაფიქსირდა გასაყიდი ფასის ზევით სვლა და ამის პარალელურად მიმდინარეობდა შესასყიდი ფასის ქვევით ჩამოსვლა. ველოდით იმ მომენტს, თუ როდის დაემთხვეოდა გასაყიდი და შესასყიდი ფასი ერთმანეთს.
ამ ეტაპისთვის გასაყიდი და შესასყიდი ფასის ასეთი წერტილი დაფიქსირდა 12,6 თეთრი. არსებობს გარკვეული ხედვა იმასთან მიმართებით, რომ ეს ფასი შედარებით უფრო ნაკლებია ვიდრე რა ნიშნულზეც იყო შესაძლებელი, რომ გარიგება შემდგარიყო. თუმცა, აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკული ბირჟის მთავარი ხიბლი სწორედ ის არის, რომ ფასი დგება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე. ასე რომ ეს არის რეალური ფასი, რომელიც ამ მომენტისთვის დაფიქსირდა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისი თქმით, მოსალოდნელია, ვაჭრობისას ფასმა აიწიოს ან დაიწიოს.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ეს ფასი გამჭვირვალედ, ობიექტურად, კონკურენტუნარიანობის სტანდარტის დაცვით ჩამოყალიბდა. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია. ჩავთვალოთ, რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია და მე მოხარული ვარ იმით, რომ დღეს 13 მონაწილეა დარეგისტრირებული ბირჟაზე, თუმცა ველი, რომ უახლოეს მომავალში მონაწილეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ ვიხილავთ დამატებით კიდევ არაერთ გარიგებას ენერგეტიკულ ბირჟაზე“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღეს პირველი სავაჭრო გარიგება შედგა. ჯამურად ნავაჭრი ელ. ენერგიის მოცულობა არის 1022 მგვტ.სთ, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე. ელექტროენერგიის შესყიდვა 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის მოხდა.
ცნობისთვის, პირველი ენერგეტიკული ბირჟა 6-ჯერ გადადების შემდეგ 1-ელ ივლისს ამოქმედდა, თუმცა, სავაჭრო შეთანხმება 23 ივლისამდე ვერ შედგა. „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს უკვე 13 მონაწილე ჰყავს.
უახლესი