ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად გასწიეს უზარმაზარი სამუშაო.
„მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, მივესალმები ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ ჯოზეფ ბორელს. მინდა მას მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახა გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბორელს კიდევ ერთხელ.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რომელიც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით ჩვენი მადლიერება. ეს ნამდვილად იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და მოითხოვს გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან და სხვა აქტორებთან ერთად გასწიეს უზარმაზარი სამუშაო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან.
ჩვენ, პირველ რიგში, ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ ვართ მზად შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და განვახორციელოთ ევროკომისიის რეკომენდაციები. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი. ჩვენ თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციაც. ჩვენ კარი გავუღეთ მათ, შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში. რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ თავიდანვე განაცხადა უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, უფრო მეტიც, სამწუხაროდ, დაფიქსირდა მათი მხრიდან სისტემატიური საბოტაჟის და დესტრუქციის ფაქტები, რაც რა თქმა უნდა, არ იყო ძალიან კარგი და უფრო მეტიც, ვფიქრობ, დამაზიანებელი იყო ამ პროცესისთვის. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, მმართველმა პარტიამ, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო, 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იქნა მიღებული, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ეს ყველაფერი ემსახურება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებას და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა.
უახლესი