დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება

პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება

21-11-2023 09:30:46

ახალი კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახლებურად აყალიბებს პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. ახალი კანონი პირდაპირ მარკეტინგს განმარტავს, როგორც ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით. ამასთან, პირდაპირ მარკეტინგად არ ჩაითვლება სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ ამ ინფორმაციის მიწოდება თავსებადია ამ კანონით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების რომელიმე საფუძველთან.

საყურადღებოა, რომ მიუხედავად მონაცემთა შეგროვების/მოპოვების საფუძვლისა და მათი ხელმისაწვდომობისა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობით. ამასთან, მონაცემთა სუბიექტის სახელის, გვარის, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა მონაცემთა დამუშავებისთვის აუცილებელი იქნება მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა. აღსანიშნავია ისიც, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის მიღებამდე და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა/დამუშავებაზე უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა სუბიექტს ნათლად, მარტივ და მისთვის გასაგებ ენაზე უნდა განუმარტოს მის მიერ თანხმობის ნებისმიერ დროს გამოხმობის უფლება და ამ უფლების განხორციელების მექანიზმი/წესი.

უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, კანონი მიუთითებს, რომ მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს მონაცემთა სუბიექტის შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. ამასთანავე, მონაცემთა სუბიექტს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა იმავე ფორმით, რომლითაც პირდაპირი მარკეტინგი ხორციელდება, ან განსაზღვროს სხვა ხელმისაწვდომი და ადეკვატური საშუალება მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნისთვის, რისი გამოყენების შესახებ მონაცემთა სუბიექტს უნდა მიეცეს მკაფიო და ადვილად აღსაქმელი მითითება. ამასთან, დაუშვებელია, მონაცემთა სუბიექტის მიერ თანხმობის გამოხმობის უფლების განსახორციელებლად დაწესდეს საფასური ან სხვა შეზღუდვა.

რაც შეეხება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებას წესების დარღვევით - პირის მიერ ამ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 - 3 000 ლარის ოდენობით (სუბიექტის სამართლებრივი ფორმისა და წლიური ბრუნვის გათვალისწინებით). ხოლო იგივე ქმედების ჩადენა დამამძიმებელი გარემოების არსებობისას გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 - 6 000 ლარის ოდენობით.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები