გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებზე პასუხისას, შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების მიზეზი დაასახელა.
„ამ საკითხზე აქტიურად მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ პროცესების საქმის კურსში ვართ, რა როგორ მიდიოდა. მთავარია წინაპირობა ამ გადაწყვეტილებისთვის, შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა იყო. ამ [ადგილობრივ] ბაზარზე მთავარიადა პირველ რიგში ადგილობრივი წარმოება და 500-მდე დასაქმებულისა და ამ საწარმოს ფუნქციონირების ხელშეწყობა.
დღეს შეიქმნა ის ვითარება ბაზარზე, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, რომ ეს საწარმო გაჩერების პირას დადგა და აქედან გამომდინარე ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენტული პირობების შესაქმნელად შესაბამისი სამუშაოები განახორციელა შესაბამის სამსახურებთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო“, - განაცხადა შამუგიამ
მისი თქმით, „აგარის შაქარში“ ბევრი ადამიანია დასაქმებული და წარმოება არ უნდა გაჩერდეს.
„ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანია ბაზარზე შაქრის ფასის შენარჩუნება“, - განაცხადა შამუგიამ.
ადგილობრივ ბაზარზე, შაქრის მწარმოებელი მხოლოდ ერთი კომპანია, „აგარის შაქარი“ ოპერირებს.
ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე 1 კგ. შაქრის ფასი საშუალოდ 2,24-2,50 ლარის ფარგლებშია. იმპორტიორების ინფორმაციით, საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 140 ტონამდე შაქარს მოიხმარს.
ცნობილია, რომ შაქარზე იმპორტის გადასახადი 20 ნოემბრიდან ამოქმედდა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.
1 კილოგრამზე გადასახადი 40 თეთრით განისაზღვრა ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის საფასური 400 ლარი იქნება. წესით, მწარმოებლების იმ ნაწილს, რომელიც შაქრის იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან ახდენს, შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადი არ შეეხება.
უახლესი