თბილისის საკრებულოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოში არეულობის მოწყობაში, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ.
„მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ განელდა აქციების დრამატურგია. ამ დრამატურგიაში თავისი წვლილის შეტანა რამდენიმე ოდიოზურმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სცადა. საბედნიეროდ, არაფერი გამოუვიდათ. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის მქონე გარკვეული პირები სარგებლობენ თავიანთი უპირატესობით და ცდილობენ საქართველოში არეულობის შემოტანას. მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ცდილობს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, ეს მატარებელი ჩავლილია. ერთადერთი, რაც დაგრჩენიათ, ის არის, რომ მუშაობა საქართველოს ხელისუფლებასთან გააგრძელოთ. ქართველ ხალხს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს სუვერენული და ამ სუვერენიტეტის მნიშვნელობა უფრო დიდია, ვიდრე სხვა ფსევდოღირებულებები, რომლებზეც მიდის აპელირება“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა კომენტარი გააკეთა ასევე ევროსაბჭოში მიმდინარე პროცესებზე, სადაც საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმურობის საკითხის დაყენებას ცდილობენ. მისი თქმით, ეს საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
„მინდა გამოვეხმაურო ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ განიხილოს საქართველოს დელეგაციის ლეგიტიმურობა ევროსაბჭოში. როგორც იცით, გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პრეზიდენტს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, ანუ გაერომ პირდაპირ აღიარა საქართველოს არჩევნები. ასევე ცალსახაა ეუთოს მზაობა თანამშრომლობისთვის პირდაპირი და ირიბი ხერხებით, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. გაუგებარია, რას ეფუძნება ის „მასკარადი“, რომელიც ახლა მიმდინარეობს სტრასბურგში და რომელიც მიზნად ისახავს ქართული დელეგაციის და საქართველოს მოსახლეობის შეურაცხყოფას. დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხელს შეუშლიან მიმდინარე მოვლენებს და გონივრულობის ფარგლებს დაუბრუნდება ის პროცესი, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ წამოიწყო. ოპოზიცია ცდილობს ხელი შეუშალოს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტს და 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციაზე შეთანხმებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სხვა ქვეყანას ემსახურებიან, ცდილობენ ამ გადაწყვეტილების ჩაშლას.
„ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოში ფულის შემოდინებას, ქართველი ხალხის დასაქმებას და ქვეყნის კეთილდღეობას. არ მესმის, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი ბოროტება, რასაც ჩვენი ოპოზიცია აკეთებს. დრო დადგა, სახელი დაერქვას იმას, რაც ქვეყანაში ხდება. კერძოდ, ძალიან მცირე ჯგუფი საზოგადოებისა ცდილობს ყველაფერი არიოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ძლიერია, მას აქვს ხალხის მხარდაჭერა და ქართველი ხალხი ამ პროცესში გაიმარჯვებს“, - თქვა ოთარ გრიგოლიამ.
უახლესი