ერთი-ორი კონკრეტული შეთანხმებაც გვაქვს, გაიხსნება ისეთი ტიპის კოლეჯები, სადაც უკვე კერძო სექტორიც მონაწილეობს - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორ გიორგი აბაშიშვილთან საუბარში განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში ბიზნესი ნომერ პირველ საკითხად, გამოწვევად და პრობლემად ასახელებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, ადამიანური კაპიტალის დეფიციტს. ბუნებრივია, აქ უკვე პროფესიულ განათლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
„ჩვენ დავიწყეთ ამ სისტემის სრულად გადაწყობა და მორგება შრომის ბაზრის, კერძო სექტორის მოთხოვნებზე. საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ძალიან სწორი კონცეფცია შემოვიტანეთ, ეს არის კერძო საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, სადაც სახელმწიფო არა მხოლოდ როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი და ტექნიკური მხარდამჭერი ამ პროცესის, არამედ, როგორც ინვესტორი მოქმედებს და ჩვენ ამისთვის შესაბამისი ბიუჯეტიც გვაქვს გამოყოფილი.
პრაქტიკულად ჩვენ კერძო სექტორისგან არ ვითხოვთ ინვესტიციის ჩადებას. იქნება ეს პროფესიული კოლეჯის შექმნა, თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობით ნაწილი, არამედ გვინდა მხოლოდ მათი მონაწილეობა, რომ სწორად დავსვათ ის მიზნები და ამოცანები, შედეგები, რომლებიც კურსდამთავრებულმა უნდა მიიღოს. ასევე, რაც თავად დამსაქმებელს სჭირდება, მათი ამ პროცესში ჩართულობა და მართვის გაზიარება.
ათეულობით ასეთ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ერთი-ორი კონკრეტულად მიღწეული შეთანხმებაც გვაქვს. უახლოეს თვეებში გაიხსნება ისეთი ტიპის კოლეჯები, სადაც ერძო სექტორი ჩვენთან ერთად მონაწილეობს და სადაც დასაქმების მაჩვენებელი პრაქტიკულად 100%-ით იქნება და გარანტირებული“,- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
უახლესი