დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 154.6 მლნ ლარით შემცირდა - აგვისტო სტატისტიკა

მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 154.6 მლნ ლარით შემცირდა - აგვისტო სტატისტიკა

04-10-2023 16:05:51

BMatch პლატფორმის წესებზე დაფუძნებული მექანიზმის გამოყენებით სებ-ის წმინდა შესყიდვებმა აგვისტოში 110.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 5.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აგვისტოში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 154.6 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 959.9 მლნ ლარს გაუტოლდა.

როგორც სებ-ის მიმოხილვაშია აღნიშნული, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 19.7 მლნ ლარით (0.3%) გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის 6.5 მლრდ ლარი შეადგინა. მონეტარული ბაზა საშუალო მაჩვენებლის მიხედვით წინა თვესთან შედარებით, 32.2 მლნ ლარით (0.5%-ით) გაიზარდა. საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა 115.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო ინტერვენციებით ეროვნულ ბანკს ინტერვენციები არ განუხორციელებია.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ასაევე აღნიშნულია, რომ აგვისტოში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 78.3 მლნ ლარით გაიზარდა. აგვისტოში რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით უცვლელია და 250.0 მლნ ლარი შეადგინა.

„საანგარიშო პერიოდში ერთთვიანი სესხი არ გაცემულა და შესაბამისად მისი ნაშთი უცვლელია. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთი 134 მლნ ლარით შემცირდა და 24.7 მლნ ლარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში, განთავსდა და დაიფარა 20-20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მთლიანობაში, მიმდინარე თვეში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 134.8 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 214.5 მლნ ლარს გაუტოლდა. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების წმინდა შესყიდვა არ ყოფილა. აგვისტოში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 166.2 მლნ ლარით შემცირდა, უცხოური ვალუტის დეპოზიტების კლების გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 239.3 მლნ ლარით გაიზარდა, რაც მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების მატებამ განაპირობა“, - განმარტავენ სებ-ში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები