ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ რამდენიმე კომპანიასთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულებები დაამტკიცა. ამ საკითხზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა და ზოგადად, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისების მექანიზმების შესახებ მედიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც ლევან აღნიშნავს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განახლებადი ენერგიის პროექტების წახალისება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული. კონკრეტულად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ხელშეკრულება დამტკიცდა 6 პროექტზე, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ; გამომუშავება 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 26,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნია, რომ საქართველოს მთავრობის წინა სხდომაზე ასევე 11 პროექტის ხელშეკრულება დაამტკიცეს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება 661,9 მლნკვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი 218 მლნ აშშ დოლარი.
„ჩვენ თითქმის ერთო წელი ვიმუშავეთ საერთაშორისო პარტნიორებთან - პროცესში ჩართული იყო როგორც მსოფლიო ბანკი, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რათა ისეთი მექანიზმი მოგვეფიქრებინა, რომელიც განსაკუთრებით გამჭვირვალედ მოახდენდა პროექტების შერჩევას და მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, კონკურენციის პირობებში ისეთი ფასები განისაზღვრებოდა, რომლებიც სამართლიანი იქნებოდა როგორც ინვესტორებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ადრე არსებული მექანიზმი ჩანაცვლდებოდა უფრო მეტად კონკურენტული მექანიზმით. როგორც იცით, ჩვენ გვაქვს ე.წ. CFD მექანიზმი - ეს არის კონკრეტულად ფასის სხვაობის კომპენსირება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პროექტებისთვის“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი გაზაფხულზე წარმატებით ჩატარდა და მასში კერძო სექტორის მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, ისინი საქართველოში 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1,1407 მლრდ. კვტ სთ. ენერგიის გამომუშავებას ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
„ეს არის მხოლოდ პირველი აუქციონის შედეგები, რასაც უნდა მოჰყვეს კიდევ რამდენიმე აუქციონი იმისთვის, რომ ახალი პროექტები შეირჩეს. ჯამში, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევჯერდით, რომ ქვეყანა, ამ პრინციპით, დაახლოებით 1500-მდე მგვტ-ის სიმძლავრის პროექტებს შეარჩევდა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებისთვის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი გავიარეთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დარჩენილი, დასამტკიცებელი პროექტების შესახებ საქართველოს მთავრობა შემდგომ სხდომებზე იმსჯელებს.
უახლესი
10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა11 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო