დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მოუთმენლად ველით ისლანდიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას მწვანე ენერგეტიკის, ინოვაციების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში - ლევან დავითაშვილი

მოუთმენლად ველით ისლანდიასთან თანამშრომლობის გაღრმავებას მწვანე ენერგეტიკის, ინოვაციების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში - ლევან დავითაშვილი

06-03-2024 13:36:00

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოში ისლანდიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დღეს ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც მათ ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისლანდიის დელეგაციის წევრებს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური სურათი და მიმდინარე მაჩვენებლები გააცნო. ლევან დავითაშვილმა მთავარი აქცენტი ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალსა და ამ მხრივ ისლანდიასთან თანამშრომლობის, მათ შორის საინვესტიციო პარტნიორობის შესაძლებლობებზე გააკეთა.

„საქართველო რეგიონში წამყვანი ქვეყანაა განახლებადი ენერგიის მხრივ. ჩვენ ყველამ ვიცით ისლანდიის მნიშვნელოვანი გამოცდილება ენერგიის სხვადასხვა წყაროების რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით. საქართველოს, რომელიც  ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, აქვს შესაძლებლობების უნიკალური ნაზავი, რაც მას მიმზიდველ ადგილად აქცევს როგორც ბიზნესისთვის, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის", - აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა. 

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  საქართველო დღეს ის ქვეყანაა, სადაც მოქნილი და ჯანსაღი საინვესტიციო გარემო აკმაყოფილებს მწვანე ენერგიის და თავისუფალი ვაჭრობის ხელმისაწვდომობას 2,3 მილიარდიან ბაზარზე მთელ მსოფლიოში.  მან აქცენტი გააკეთა ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და შავი ზღვის წყალქვეშა ენერგეტიკული კაბელი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ისლანდიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გამართა ისლანდიის გარემოს, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრ გუდლეიგურ თორ თორდარსონსთან და მასთან რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოსა და ისლანდიას უკვე აქვთ წარმატებული თანამშრომლობის  გამოცდილება - ისლანდიური კომპანიები დღეს საქართველოში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებენ ინვესტიციებს და, ამასთან, მინისტრის განცხადებით, მათი მოცულობის გაზრდის სურვილი აქვთ.
 

„ჩვენს ქვეყნებს გარკვეული მსგავსება და გამოცდილება აქვთ ენერგეტიკულ სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალზე, არამხოლოდ ჰიდრო-ენერგეტიკის მიმართულებით, არამედ სხვა, განახლებადი წყაროების მიმართულებითაც, ეს იქნება - მზე, ქარი, ასევე გეოთერმული ენერგიის გამოყენება. საქართველოს გარკვეული პოტენციალი აქვს გეოთერმული ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით, რაშიც ისლანდია წამყვანი ქვეყანაა.  დღეს საქართველოში ამ ტექნოლოგიების შემოტანა ასევე ძალიან საინტერესო იქნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ისლანდიას, როგორც ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება  მოქმედებს. შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, საქართველოში წარმოებული პროდუქტების და სერვისების დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე განთავსდეს 14 მილიონიან, მაღალ მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზრებზე. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველო-ისლანდიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის და ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შეთანხმების გაფორმება.
 

„საქართველოს მისწრაფება, იყოს დივერსიფიცირებული და თანამედროვე ეკონომიკა, თანხვედრაშია ისლანდიის მომავლის ხედვასთან, რაც წარმოადგენს საწარმოს შესაძლებლობების განვითარებას მწვანე ენერგეტიკის, ინოვაციების, ტურიზმისა და სხვა სექტორებში. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ მიმართულებებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. საქართველო ღიაა ბიზნესისთვის და მოუთმენლად ველით იმ შესაძლებლობებს, რასაც ჩვენი პარტნიორობა მოგვიტანს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
 

ისლანდიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ხელმძღვანელმა კახაბერ ქებურიამ, და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები