მოცვის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. როგორც კომპანია „აგროლეინის“ დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მოსავალი ბოლომდე არ არის დამწიფებული, ამიტომ ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო მომავალი კვირიდან ექსპორტს დაიწყებენ.
1 კგ. მოცვის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 22 ლარია, ორი კვირის წინ კი 35 ლარს აღწევდა.
„დავიწყეთ მოცვის კრეფა. ჯერჯერობით ქვეყნის გარეთ არ გაგვაქვს, რადგან საკმარისი რაოდენობა არ არის. ზუსტად ერთ კვირაში დასრულდება მოცვის კრეფა. პროდუქტს ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. 1 კგ. მოცვის ფასი სეზონზე 35 ლარიდან დაიწყო და ამ დროისთვის 22 ლარამდეა.
გლობალურ ბაზარზე ფასთან დაკავშირებით ვითარება მუდმივად იცვლება, ამიტომ ჩამოყალიბებული არ ვართ. ფასის საკითხი მიწოდების წინ გაირკვევა", - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.
მწარმოებლის ინფორმაციით, „აგროლეინი" ექსპორტზე 170 ტონამდე მოცვის გატანას გეგმავს.მთავარი სამიზნე ბაზარი სპარსეთის ყურის ქვეყნები და ევროკავშირია.
რაც შეეხება მუშახელის საკითხს, კომპანია სეზონზე 300 ადამიანს ასაქმებს.
ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
უახლესი