ლარში საპროცენტო განაკვეთი, ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შემცირდა და კიდევ შემცირდება, - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ კონფერენციის „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას კიდევ ვიხილავთ ნამდვილად არ არის.
„ასევე ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ მაჩვენებელთანაა ახლოს და დღეის მდგომარეობით ნაკლებიც კი არის. აქედან გამომდინარე, მოლოდინი, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ვიხილავთ ნამდვილად არ არის. საკმაოდ დიდი წამახალისებელი ნაბიჯი იყო სებ-ის მხრიდან, როდესაც უკანასკნელი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ეს არამხოლოდ ეკონომიკის წახალისებას შეუწყობს ხელს ასევე ლარიზაციის პროცესსაც მნიშვნელოვნად წაახალისებს.
მნიშვნელოვანია, რომ არ შეცვლილა პროგნოზები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების კუთხით და შემდეგი 2-3 წლის განმავლობაში ინფლაციის მართვა არ გავა იმ ზღვრებს, რაც არის პროგნოზირებული“, - აღნიშნა ძნელაძემ.
ძნელაძის თქმით, სებ-ის მიერ ორგანიზებული ფორუმი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის მსგავსი ტიპის პირველი შეხვედრა.
„მსგავსი ტიპის შეხვედრების და დისკუსიების გამართვა საბანკო სექტორისთვის და არამხოლოდ საბანკო სექტორისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე მიმოხილული იყო ორი ძირითადი მიმართულება, პირველია ინფლაციის მაჩვენებელი და ინფლაციის მოლოდინები მომდევნო 3 წლის განმავლობაში. და ასევე როგორი რეაგირება ექნება ამ მაჩვენებელზე რეფინანსირების განაკვეთს არამხოლოდ საქართველოში მსოფლიოს მასშტაბითაც. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც აღინიშნა ის იყო, რომ იყო მოლოდინი, რომ გაზაფხულის დასაწყისში მოხდებოდა ევროზე და დოლარზე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ეს არ მოხდა. რეალურად ანალიტიკოსების მოლოდინები არ გამართლდა. ანუ კიდევ ერთხელ ფიქსირდება მოლოდინი, რომ პრობლემა კვლავინდებურად რჩება ინფლაციის მაჩვენებელთან მიმართებით. აქედან გამომდინარე წლის ბოლომდე ველოდებით შემცირებას, მაგრამ იმ ტემპითაც არა, რა ტემპიც იყო აქამდე მოლოდინი“, - განაცხადა ძნელაძემ.
უახლესი