საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააგზავნა ვენეციის კომისიაში თავისი წერილი კანონპროექტების გამოხმობის შესახებ, - ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ერთი კანონპროექტი, რაც იყო შესაძლებელი პროცედურულად „ხალხის ძალის“ მიერ უკვე გამოხმობილია. უკვე გაგზავნილია წერილი პარლამენტში.
რაც შეეხება პირველი მოსმენით მიღებული კანონის გამოწვევის გზებს, როგორც წესი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ, გიდასტურებთ. და ჩავარდნა იქნება ის, რაც საბოლოოდ გადაწყვეტს პროცედურულად ამ საკითხს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ „თუკი ვინმეს უნდა ახლა ფორმალიზმთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე“.
ორ დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.
უახლესი