დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მეღვინეობა „ჩელთი“ თურქეთის ბაზარზე შევიდა

მეღვინეობა „ჩელთი“ თურქეთის ბაზარზე შევიდა

24-07-2024 14:00:00

მეღვინეობა „ჩელთი“ თურქეთის ბაზარზე შევიდა. კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიის ღვინოები თურქეთის ჰორეკა სექტორში გაიყიდება. კერძოდ, მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში.

ასევე „ჩელთის“ ღვინოები წარმოდგენილი იქნება სხვა რესტორნების ქსელებშიც.

„ამ წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დავიწყეთ ღვინოების დისტრიბუცია თურქეთსა და იტალიაში. ამ ქვეყანაში უკვე წარმომადგენელი გვყავს და „ჩელთის“ ღვინოები ამ შემთხვევაშიც ჰორეკა სექტორში გაიყიდება“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.

„ჩელთის“ კომერციული დირექტორი ამბობს, რომ თურქეთის ბაზარზე რამდენიმე ქართული ღვინის კომპანიაა წარმოდგენილი, რადგან მკაცრი რეგულაციების გამო ამ ბაზარზე შესვლა რთულია.

 

„თურქეთში არის ბევრი სახელმწიფო რეგულაცია და ალკოჰოლის დისტრიბუციაზე ლიცენზიის აღებაა საჭირო, რაც გრძელვადიანი პროცესია. ამ პროცესის დასრულებას დიდი ხნის განმავლობაში ველოდით“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი. მისი თქმით, „ჩელთისთვის“ უცხოეთის ბაზარზე საინტერესოა ჰორეკა სექტორი და ღვინის სპეციალიზებული მაღაზიები.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები