დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის ერთადერთი მფლობელი, „პლანტველი“, წარმოებას აფართოებს

მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის ერთადერთი მფლობელი, „პლანტველი“, წარმოებას აფართოებს

27-06-2023 16:55:44

მარწყვის წარმოებაში ბიო სერტიფიკატის ერთადერთი მფლობელი, „პლანტველი“, წარმოებას აფართოებს მარწყვის მწარმოებელი მეურნეობა "პლანტველი", საქართველოში ერთად-ერთი ბიო სერტიფიკატის მფლობელი კომპანიაა, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატი ბიომარწყვის წარმოებისთვის მიენიჭა.

რა შეიცვალა კომპანიის საქმიანობაში ბიო სერტიფიცირების შემდეგ, როგორ ვითარდება წარმოება, როგორია მოთხოვნა და რა ვითარებაა ადგილობრივ ბაზარზე, ამ და სხვა თემებზე Business Insider Georgia "პლანტველის“ დამფუძნებელს მანანა ანჯაფარიძეს ესაუბრა.

 

  • პლანტველი არის პირველი და ერთადერთი ქართული კომპანია მარწყვის წარმოებაში, რომელიც ბიო სერტიფიკატს ფლობს. რა გავლენა აქვს ამ წარმატებას წარმოებაზე?

 

პირველ რიგში, ბიო სერტიფიკატის ფლობამ მოგვანიჭა კონკურენტული უპირატესობა ბაზარზე. პლანტველი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ბიო მარწყვის წარმოება შეძლო. ჩვენმა მეურნეობამ დაარსების დღიდან ბიომეურნეობის მიმართულება აირჩია. სირთულეების მიუხედავად ბიო სერტიფიცირების პროგრამა სრულად გავიარეთ და ბიო მარწყვი მივიღეთ. კონკურენტული უპირატესობა გვაქვს, რადგან ბოლო პერიოდში ადამიანები მიხვდნენ, რომ კვება პირველ რიგში ჯანმრთელობას განაპირობებს და შესაბამისად მოთხოვნა ბიოპროდუქტებზე გაიზარდა. მას შემდეგ, რაც პლანტველმა ბიო სერტიფიკატი მოიპოვა, მომხმარებლის ნდობა მადლიერებაში გადავიდა. შესაბამისად, ჩვენი პროდუქტი კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა. რაც გვაძლევს სტიმულს, რომ არ გავჩერდეთ და წარმოება კიდევ უფრო განვავითაროთ.

 

  • ბიო სერტიფიკატის აღების შემდეგ კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი თუ გაიზარდა და ამასთან წარმოების გაფართოებაზეც საუბრობდით, რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

 

დღეს ბევრი კომპანია აცხადებს, რომ ბიო მარწყვს აწარმოებს, თუმცა „კავკასსერტის“ რეესტრში არცერთი მათგანი არ ირიცხება. მომხმარებლის ნდობის მოპოვება მნიშვნელოვანია. გაყიდვები რეალურად გაგვეზარდა. პროდუქცია „აგროჰაბის“ ქსელს სრულად მიაქვს. მოთხოვნა არის სხვა ქსელებშიც, მაგრამ წარმადობა არ გვყოფნის. ნატახტარში ბიო წარმოება 5 ჰექტარზე გვაქვს. შერეული მეურნეობაა, ამას ბიო პრინციპები მოითხოვს. აქედან დახურულ გრუნტში მარწყვი ერთ ჰექტარზეა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა და გაყიდვების მაჩვენებელმა მოიმატა, მეორე ჰექტარსაც ვხურავთ იტალიიდან ჩამოტანილი კონსტრუქციებით და შემოდგომიდან ბიო მარწყვს უკვე ორ ჰექტარზე მოვიყვანთ.

 

  • პლანტველი, რა მოცულობის მარწყვს აწარმოებს და აწვდის ბაზარზს?

 

2022 წელს ოფიციალური მონაცემებით, რაც დოკუმენტურადაა დადასტურებული, 1 ჰექტარზე 30 ტონა მარწყვი გავყიდეთ, რაც საქართველოში რეკორდული მაჩვენებელია. ამ მოცულობის მაჩვენებელი 1 ჰექტარზე არავის მიიუღია.

 

  • რა განაპირობებს თქვენს წარმატებას?

 

მარწყვი ახალი ტექნოლოგიებით მოგვყავს. გვყავს კონსულტანტი იტალიიდან. ზოგადად მცენარისთვის ბიო მიმართულება კომფორტულია და გარკვეულწილად ამ შედეგზე ამიტომ გავედით. 2023 წელს კიდევ უფრო დავხვეწავთ ტექნოლოგიებს და მოსავლის მოცულობა 1 ჰექტარზე 30 ტონას გადააჭარბებს. თუმცა წელს უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს. მარწყვს ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ვაწარმოებთ.

 

  • როგორ შეაფასებთ კონკურენციას ბაზარზე?

 

ჩვენი კომპანიის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, უკონკურენტო ვართ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ბიო მარწყვს, მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ. „კავკასსერტში“ ჩვენ მონიჭებული გვაქვს სპეციალური საერთაშორისო კოდი, კომპანიის მოძებნა შესაძლებელია შესაბამის ვებგვერდზე, სადაც ჩანს ფლობს თუ არა კომპანია ბიო სერტიფიკატს ან რა ეტაპზეა სერტიფიცირების პროცესი. მარწყვის მწარმოებელ არცერთ კომპანიას „კავკასსერტში“ ბიო წარმოებაზე განაცხადიც კი არ აქვს შეტანილი. რაც შეეხება ზოგადად, საქართველოს ბაზარზე შექმნილ ვითარებას, ადგილობრივი წარმოება თურქულ მარწყვს კონკურენციას ვერ უწევს.

აქ არის რამდენიმე მიზეზი და ერთ-ერთი ხარისხია, ასევე ტრანსპორტირების დონე. ხდება ქიმიკატების უკონტროლო გამოყენება და მეწარმეებმა არ იციან ტექნოლოგიები თუ როგორ უნდა მიიღონ ხარისხიანი პროდუქტი. მარწყვი ფერმერებს ძირითადად ძველი მეთოდებით მოჰყავთ, თუმცა ახალი ჯიშების წარმოებას ახალი ტექნოლოგიები სჭირდება. საქართველოში აგროგანათლების დონე დაბალია. მარწყვის წარმოება ბევრი დეტალისგან შედგება, ამიტომ ქართველი ფერმერი ვერ იღებს იმ რაოდენობისა და ხარისხის მოსავალს იმისთვის, რომ იმპორტს კონკურენცია გაუწიოს. ამიტომ საქართველოში მარწყვის სათბურები იხსნება და შემდეგ კომერციულად არამომგებიანების გამო მალევე იხურება. მოთხოვნა მარწყვზე არის და ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას იმპორტიორი აკმაყოფილებს.

 

  • თქვენ, როგორც მარწყვის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენელი, თუ ხედავთ ადგილობრივ ბაზარზე მარწყვის წარმოების განვითარების პერსპექტივას და ამისათვის რა უნდა გაკეთდეს?

 

საქართველოში მარწყვის წარმოების განვითარების შესაძლებლობა ძალიან დიდია. მთავარია სწორი ტექნოლოგიების დანერგვა. წარმოება ტექნოლოგთან ერთად უნდა დაიგეგმოს. ასევე უნდა შედგეს კომერციულად მომგებიანი ბიზნესპროექტი. მარწყვი სენსიტიური კულტურაა და წარმოება დახურულ გრუნტში უფრო მომგებიანია. თუმცა საქართველოში არის რეგიონები, სადაც ღია გრუნტში მარწყვის მოყვანა შესაძლებელია. თუმცა ძირითადად დახურული გრუნტი არის გამოსავალი, რომ მარწყვის წარმოება განვითარდეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები